“კოსმოსური რიფი”: “ჰაბლის” 30 წლს იუბილე ორი ნისლეულის გასაოცარი ფოტოთი აღნიშნეს

მეცნიერებისთვის წარმუდგენელი დღესასწაული.

1990 წლის 25 აპრილს მრავალჯერადმა კოსმოსურმა ხომალდმა “დისქავერიმ” დედამიწის ორბიტაზე, 610 კილომეტრის სიმაღლეზე უნიკალური აპარატი – კოსმოსური ტელესკოპი “ჰაბლი” გაიყვანა. ამ მოვლენის 30 წლის აღსანიშნავად NASA-მ და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ შთამბეჭდავი გამოსახულება გამოაქვეყნეს, რომელიც ტელესკოპმა გადაიღო. ეს არის ორი მეზობელი ნისლეულის გამოსახულება – მტვრისგან, გაზისგან და პლაზმისგან შემდგარი უზარმაზარი სივრცე, სადაც ვარსკვლავები იბადებიან.

ფოტოზე ჩანს ნისლეული NGC 2014 (ზემოთ) და ნისლეული NGC 2020 (ქვემოთ, მარცხნივ). ისინი დიდი მაგელანის ღრუბელში, დედამიწიდან 163 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობენ. გამოსახულებას “კოსმოსური რიფი” ქვია, რადგან  NGC 2014 ვარსკვლავების უზარმაზარ ზღვაში მოცურავე მარჯნის რიფს ჰგავს.

NGC 2014-ის მანათობელი ცენტრალური ნაწილი დიდი ვარსკვლავების ჯგუფისგან შედგება. თითოეული მათგანი მზეზე 10-20-ჯერ მასიურია.

ცისფერი ნისლეული NGC 2020 მზეზე 200 000-ჯერ კაშკაშა ვარსკვლავისგან წარმოიშვა. ცისფერი გაზი აფეთქებების სერიის შედეგად გამოიტყორცნა, რომლის დროსაც ვარსკვლავმა თავისი გარე ქერქის ნაწილი დაკარგა.

ბევრი ტელესკოპი არ არის ისეთი ცნობადი, როგორც “ჰაბლი”. ამას თავისი მიზეზი აქვს – “ჰაბლმა” ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა კოსმოსზე. მან პლანეტების, გალაქტიკების, ნისლეულების, კომეტების, ზემასიური შავი ხვრელების და ასტეროიდების უპრეცენდენტო ხედები წარმოგვიდგინა.

დღეისთვის “ჰაბლმა” 1,4 მილიონი დაკვირვება და მონაცემი წარმოადგინა, რომლებიც 17 000 სამეცნიერო კვლევისთვის და პუბლიკაციისთვის გამოიყენეს მეცნიერებმა. ის ისტორიაში ყველაზე ნაყოფიერი კოსმოსური ობსერვატორიაა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მისი მემკვიდრეობა სამეცნიერო წრეებში ათწლეულების მანძილზე აისახება.

“ჰაბლის” ასეთი სიცოცხლისუნარიანობა 1993-დან 2009 წლებში განხორციელებული 5 მისიით აიხსნება, რომლის დროსაც ასტრონავტებმა ტელესკოპი თანამედროვე ინსტრუმენტებით, ახალი ელექტრონიკით და ორბიტაზე რემონტით უზრუნველყვეს.

ვარაუდობენ, რომ ობსერვატორია კამერებით და სხვა მოწყობილობებით აღჭურვილი ითანამშრომლებს ჯეიმს უების ტელესკოპთან, რომელიც ორბიტაზე 2021 წლის მარტში უნდა გაუშვან.

Leave a comment

Your email address will not be published.


*