ლეგენდარული ესპანური ჯვარცმა რეკონკისტის გმირს ეკუთვნის

ესპანეთის ეროვნულ გმირს, ელ სიდს, ეს ჯვარი ბრძოლებში თილისმად დაჰქონდა.

ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ სალამანკას ტაძარში ჯვარცმა ინახება, რომელიც X საუკუნით თარიღდება. ცნობილია, რომ ჯვარცმა ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ვალენსიიდან სალამანკაში ჩაიტანა. XVI-XVII საუკუნეებში ჯვარცმის თაყვანისცემა ნამდვილ კულტად იქცა და მორწმუნეები მას სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდნენ.

ზოგიერთი მკვლევარი თვლიდა, რომ ეს ჯვარი ლეგენდარულ ელ სიდთან იყო დაკავშირებული, მაგრამ აქამდე ამის დამადასტურებელი არც ერთი საბუთი არ მოიძებნებოდა.

სარაგოსას უნივერსიტეტის ესპანური ლიტერატურის პროფესორი ალბერტო მონტანერი ლონდონის ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ერთ წერილს წააწყდა. ეს წერილი შუასაუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მეფის ალფონსო XI-ის მიერ არის დაწერილი.

მეფის წერილში ნათქვამია, რომ, როცა ელ სიდი ბრძოლაში მიდიოდა, თილისმის სახით ჯვარცმა მიჰქონდა. ეს იმ დროს ძალიან გავრცელებული ტრადიცია იყო – ითვლებოდა, რომ ჯვარცმა მეომარს ბრძოლაში დაიცავდა. ასევე ითვლებოდა, რომ ჯვარცმა ელ სიდს ცოლმა დონია ხიმენამ აჩუქა.

ელ სიდი ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მხედართმთავარია შუასაუკუნეების ესპანეთში, თუ მთელ ევროპაში არა. მისი ნამდვილი სახელია როდრიგო დიას დე ვივარი. ის ეროვნული გმირი გახდა რეკონკისტის დროს. მან უამრავი გამარჯვება მოიპოვა XI საუკუნეში. რეკონკისტა – პირენეის ნახევარკუნძულზე ქრისტიანების მიერ მუსლიმანებისგან დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნებას ეწოდება.

ზედწოდება ელ სიდი “ღმერთს ნიშნავს. ითვლება, რომ ესპანეთში მას ეს სახელი მუსლიმანებმა შეარქვეს. ელ სიდის ყველაზე ცნობილი გამარჯვება 1094 წელს ვალენსიის აღებაა. ეს რეკონკისტის ისტორიაში საკვანძო მომენტია და მის შემდეგ ელ-სიდი ეროვნულ გმირად იქცა. სიკვდილის შემდეგ მასზე უამრავი თქმულება, პოემა და რომანსი შეიქმნა. 1961 წელს ელ სიდზე ფილმი გადაიღეს, რომლითაც ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო (ჩარლტონ ჰესტონის და სოფი ლორენის მონაწილეობით).

მონტანერი თავის კვლევებში ლეგენდარული გმირის საფლავის ადგილმდებარეობას იკვლევდა. 1102 წელს ელ სიდის ნეშტი ვალენსიიდან ბურგოსაში, სან-პედრო-დე-კარდენიას მონასტერში გადმოასვენეს და ცოლის გვერდით დაკრძალეს.

პირენეის ომის დროს, ნაპოლეონის ჯარებმა მონასტერი გაძარცვეს და ელ სიდის ცხედრის ნაწილები მთელ ევროპაში გაიფანტა. ტერფები, ხელები და თავის ქალის ნაწილები უგზოუკვლოდ დაიკარგა.

ელ სიდის ჯვარცმის ზუსტი ასლი ბაზილიკის ერთ-ერთ სამლოცველოში მდებარეობს. ორიგინალი კი შენახულია და მლოცველებისა და მნახველებისგან დაცულია. 2000-იან წლებში რესტავრატორებმა მის შესანარჩუნებლად სამუშაოები ჩაატარეს და ის საუკუნოვანი მტვრისგან და ჭუჭყისგან გაწმინდეს.

5d9b579344fd45379d9864c815b2da27.width-630

478bd2a14e31456da2c28ae34311d007.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*