ლუქსორში ორი კოლოსალური სფინქსი აღმოაჩინეს

ისინი ფარაონ ამენჰოტეპ III-ს გამოსახავენ.

ეგვიპტურ-გერმანულმა მისიამ, რომელიც უძველეს ქალაქ ლუქსორში, ამენჰოტეპ III-ის მოსახსენებელ ტაძართან არქეოლოგიურ გათხრებს ატარებდა, კირქვის უზარმაზარი ლოდების გროვა აღმოაჩინა. ისინი უძველესი ქანდაკებების ნაწილები აღმოჩნდა. მათ შორის არის ამენჰოტეპ III-ის სფინქსის ფორმის ორი კოლოსალური ქანდაკების ფრაგმენტები. თითოეული სფინქსის სიგრძე 8 მეტრია.

ფარაონის თავს ნემესი ამშვენებს – სამეფო თავსაბურავი, რომელიც ეგვიპტელი ფარაონების ძალაუფლების ერთ-ერთი სიმბოლო იყო. ფარაონს ასევე გამოარჩევს სამეფო წვერი და ფართე საყელო. სფინქსები მესამე შენობის ჭიშკრის ნაწილში იპოვეს. ისინი საფუძვლიანად გაწმინდეს, გაამაგრეს და რესტავრაცია ჩაუტარეს. მეცნიერებმა მკერდის მიდამოში წარწერის გაშიფვრა – ის ამენჰოტეპს ეკუთვნის, რაც “ღმერთ ამონ-რას შეყვარებულს” ნიშნავს. არქეოლოგებმა ასევე სამი ბიუსტი და ლომისსახიანი ქალღმერთის, სეხმეტის ქანდაკება აღმოაჩინეს.

გაწმენდის შემდეგ გამოჩნდა კედლის მხატვრობა და რელიეფი, რომლებზეც ჰებ-სედის სცენებია გამოსახული. ეს საიუბილეო რიტუალი ამენჰოტეპ III-ის პატივსაცემად იმართებოდა.

მემნონის კოლოსების და ამენჰოტეპ III-ის მოსახსენებელი ტაძრის შენარჩუნების პროექტი 1998 წლიდან ხორციელდება. ახალი აღმოჩენების დაცვაც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

ფარაონ ამენჰოტეპ III-ის მმართველობა (ძვ.წ. 1388-1351) ლუქსორში სამშენებლო აქტივობის პიკით აღინიშნება. მისი სატაძრო კომპლექსი, “მილიონი წლის ტაძარი”, ნუბიური ქვიშაქვით არის აგებული. სამწუხაროდ, დიდებული კომპლექსი ძლიერმა მიწისძვრამ ნანგრევებად აქცია, ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის ფარაონების ეპოქაში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*