მამაკაცის მძლეველი ამორძალი 2 500 წლისაა

ერთ პატარა ამერიკულ მუზეუმში დაცულ უძველეს ლარნაკ–ზარდახშაზე კომიქსების “ქალი საოცრების” 2500 წლის წინანდელი გამოსახულება აღმოაჩინეს. თეთრი გრუნდის მქონე ცილინდრული ფორმის ზარდახშაზე, რომელიც სამკაულებისა თუ კოსმეტიკური საშუალებების შესანახად გამოიყენებოდა, გამოსახულია ცხენზე ამხედრებული, ბერძენი მეომრის წინააღმდეგ მებრძოლი ამორძალი. ის ძალიან გავს კომიქსის გმირ ამორძალთა მეომარ პრინცესას, რომელიც ქამანდს სტყორცნის.

ადრიანა მეიორი (სტენფორდის უნივერსიტეტის კლასიკური ისტორიისა და ისტორიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის მკვლევარი): “ეს ამორძალის ერთადერთი უძველესი მხატვრული გამოსახულებაა, რომეamazon-6ლიც ქამანდს ისვრის ბრძოლაში. ზარდახშაში სავარაუდოდ შენახული იყო ბერძენი ქალის სამკაული ან კოსმეტიკა. მისი გამოსახულება ადასტურებს, რომ იმ დროს ქალებს მოსწონდათ ამორძალთა მიერ ბერძენი მამაკაცების ძლევის გამომხატველი სცენები”.

გამოსახულება მისისიპის უნივერსიტეტის მუზეუმში დაცულ უძველეს ზარდახშაზე სწორედ ადრიანა მეორმა აღმოაჩინა. სპეციალისტების აზრით, ის ძვ. წ. აღ. 480–450 წლებს განეკუთვნება და ათენშია შექმნილი.

მეცნიერის აზრით, ამაღელვებელი მომენტი, რომელიც გამოსახავს უცხოელი მეომარი ქალის ქამანდის ქვეშ მოქცეულ ბერძენ მამაკაცს, წარმოადგენდა ეგზოტიკურ სცენას და ასევე ძირს უთხრის მოსაზრებას ბერძენი ქალის ტრადიციული როლის შესახებ.

ამორძალი გამოსახულია დინამიკურ მოძრაობაში, მსხვერპლისთვის ყულფის თავზე ჩამოცმის მომენტში. ქალი მხრებს უკან იყურება, მამაკაცი კი მიწაზეა გართხმული თავისივე ფარისა და შუბის გვერდით.

ადრიანა მეორი აღნიშნავს, რომ ამორძალს თან აქვს საბრძოლო ნაჯახი, რომლითაც მსხვერპლს ბოლოს მოუღებს.

მეცნიერის თქმით, ზარდახშის დეკორაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ მხატვარი და მისი აუდიტორია კარგად იცნობდნენ მეომარი სკვითი ქალების მხედრობისა და ქამანდის ტყორცნის ხელოვნებას.

ძველი ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები აღწერენ მათ როგორც ცხენზე ამხედრებულ მშვილდოსნებს, რომელნიც ოსტატურად ისროდნენ ქამანდს. მაგალითად, ჰეროდოტე აღწერს, რომ 8 000 მომთაბარე მხედარი, ხანჯლებითა და ტყავის ქამანდებით შეიარაღებული შეუერთდა სპარსეთის მეფე დარიოსის არმიას ძვ. წ. აღ. 480 წელს.

ზოგიერთი სხვა წყაროს მიხედვით აღწერილია სკვით მეომართა მიერ მარყუჟის სროლა, ამით ცხენის გარშემო მოწინააღმდეგის დაბმა და გახლართვა. რომაელი გეოგრაფი, პომპონიუს მელა, ახ. წ. აღ. 43 წელს წერდა შავის ზღვის ჩრდილოეთ რეგიონის მეომარი ქალების შესახებ, რომლებიც ქამანდს ოსტატურად ისროდნენ.

დევიდ საუნდერსი (ჟან პოლ გეტის მუზეუმის ანტიკურ სიძველეთა დეპარტამენტის ასოცირებული კურატორი): “ამ კონკრეტული სცენიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს მოხიბვლის ხელოვნებას და ასახავდეს მამაკაცისა და ქალის ურთიერთობის ნაწილს, რაც გავრცელებული იყო ძველ ათენში, ბევრი რამ არის გამოსაკვლევი”.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*