მარიხუანას 2500 წლის წინაც მოიხმარდნენ

ჩრდილოეთ ჩინეთში, ქალაქ ტურფანთან აღმოჩენილ 240 სამარხიდან ერთ–ერთში საკმაოდ დიდი ოდენობის მარიხუანას მიაკვლიეს. ის კარგად არის შენახული და აქამდე აღმოჩენილ მცენარეებს შორის ყველაზე ძველია. მარიხუანა 35 წლის მამაკაცის სამარხში ნახეს, რომელიც დაახლოებით 2500 წლის წინ გარდაიცვალა.

კავკასოიდური რასის მამაკაცის ცხედარი ხის საწოლზე იყო დასვენებული, თავქვეშ კი ლერწმისგან გაკეთებული ბალიში ედო. 91–სანტიმეტრიანი მარიხუანას აყვავებული ღერების წყება მის მკერდზე ერთგვარ სუდარას ქმნიდა.

13 მცენარიდან აღებული ნიმუშების კვლევამ აჩვენა, რომ ისინი მამაკაცის დაკრძალვისას მოწყვიტეს.

რადიოკარბონული დათარიღების თანახმად, მამაკაცი დაახლოებით 2400–2800 წლის წინ ცხოვრობდა. სავარაუდოდ, გუშის სამეფოს მკვიდრი იყო, რომელზეც ძვ. წ. II ათასწლეულში აბრეშუმის სავაჭრო გზა გადიოდა.

მარიხუანა ამ რეგიონის სამარხებში ადრეც უნახავთ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამარხში აყვავებული მცენარის ნაშთებს მიაგნეს.

ჰოგენ იანგი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი: “ეს უნიკალური აღმოჩენა მრავალ ახალ ინფორმაციას მოგვაწვდის პრეისტორიულ ცენტრალურ ევრაზიაში კანაფის რიტუალურ გამოყენებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამ რეგიონში, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე პირველ ათასწლეულში, მარიხუანას სარიტუალო ან სამედიცინო მიზნებისთვის მოიხმარდნენ”.

ამჟამად, არქეოლოგები იმის გარკვევას ცდილობენ, ტურფანის რეგიონის მოსახლეობისთვის მარიხუანა ასეთი მნიშვნელოვანი რატომ იყო.

არსებობს ორი ჰიპოთეზა. ერთი, რომ მცენარეს ქსოვილის დასამზადებლად იყენებდნენ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდებარე რეგიონის სამარხებში კანაფისგან დამზადებული ბოჭკო აღმოჩენილი არ არის, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ის რამე სპირიტუალურ რიტუალებთან ყოფილიყო დაკავშირებული ან სამედიცინო დანიშნულება ჰქონოდა.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*