მარსზე პირველად აღმოაჩინეს ჰალოგენური გაზი

მეცნიერებმა წითელ პლანეტაზე ახალი ქიმიური ციკლი აღმოაჩინეს.

2018 წელს მეცნიერები წითელ პლანეტაზე ქვიშის ქარიშხალს აკვირდებოდნენ, რომლის დროსაც მოულოდნელი აღმოჩენა გაკეთდა. Trace Gas Orbiter-მა პლანეტაზე ქლოროვანი წყალბადის კვალი აღმოაჩინა, რომელიც მარსზე მანამდე არასდროს დაფიქსირებულა.

ახლა ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა წარმოადგინეს ვერსია, თუ, როგორ მოხვდა გაზი წითელ პლანეტაზე.

მეცნიერები ყურადღებით აკვირდებიან მარსის ატმოსფეროში გაზებს, რომლებიც შეიცავენ ქლორს. სწორედ ამ გაზებს შეუძლიათ პლანეტის ვულკანური აქტივობის დადასტურება. თუმცა, თუ ქლოროვანი წყალბადი ვულკანური აქტივობის შედეგად არის წარმოქმნილი, მისი რაოდენობა კონკრეტულ რეგიონში უნდა მატულობდეს და თან სხვა ვულკანური გაზებიც უნდა ახლდნენ. მაგრამ, ამ შემთხვევაში ქლორწყალბადი დაფიქსირდა როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროში და სხვა ვულკანური გაზები თან არ ახლდა.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ გაზი ვულკანური აქტივობის შედეგად არ არის წარმოქმნილი. მსგავსი პროცესები დედამიწაზეც გვაქვს. სწორედ ჩვენი მაგალითი უნდა დაგვეხმაროს მარსის მოვლენის დადგენაში.

დედამიწაზე ქლორწყალბადის წარმოქმნა მრავალსაფეხურიან პროცესს მოიცავს. მას რამდენიმე საკვანძო ინგრედიენტი ესაჭიროება. პირველ რიგში საჭიროა ნატრიუმის ქლორიდი (ჩვეულებრივი მარილი), რომელიც ანაორთქლების შემდეგ რჩება.

მარსზე მარილის საკმაო რაოდენობაა – ითვლება, რომ ეს უძველესი მლაშე ტბების ნარჩენებია. ქვიშის ქარიშხლების შედეგად ნატრიუმის ქლორიდი ატმოსფეროში გამოიტყორცნება. გარდა ამისა, მარსზე არის პოლარული ყინულოვანი ქუდები, რომლებიც ზაფხულში გათბობის დროს ორთქლდებიან. როცა წარმოქმნილი წყლის ორთქლი მარილს ერევა, რეაქციის შედეგად გამოიყოფა ქლორი, რომელიც შემდეგ რეაქციაში შედის წარმოქმნილ ქლორწყალბადთან.

როცა ქვიშის აქტივობა იზრდება, მატულობს ქლოროვანი წყალბადის რაოდენობაც. ეს მოდელი დასტურდება 2019 წლის მარსის ქვიშიანი სეზონის დროს აღმოჩენილი ქლორწყალბადის დაფიქსირებით.

შემდგომი ლაბორატორიული ექსპერიმენტები, მოდელირება და სიმულაცია მეცნიერებს დაეხმარებათ მარსის ატმოსფეროში ქლოროვანი წყალბადის გამოტყორცნის მექანიზმის შესწავლაში.

ამ დრომდე ქლორწყალბადის (HCI) არსებობა ცნობილი იყო დედამიწაზე და ვენერაზე. ჩვენს პლანეტაზე ის ჰაერში ხვდება ზღვიდან, როცა ზღვის მარილის ნაწილაკები აეროზოლად გარდაიქმნებიან. ვენერაზე ის ატმოსფეროში მზის სინათლის ზემოქმედებით იფანტება და ვენერას ატმოსფეროს ნახშირმჟავიანობის სტაბილურობის მთავარი ფაქტორი ხდება.

Trace Gas Orbiter-ი ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების მიერ არის შექმნილი. აპარატის მთავარი ამოცანაა – მარსის ატმოსფეროში მცირე გაზების შემადგენლის შესწავლა.

209f981ad072415d9a957d0accd14c81.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*