მარსზე სათბურის ეფექტმა, შესაძლოა, ყინულოვანი ღრუბლების წარმოშობა გამოიწვია

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია.

დიდი ხანია მეცნიერები იმ აზრზე შეთანხმდნენ, რომ ოდესღაც წითელ პლანეტაზე სიცოცხლისთვის საჭირო პირობები არსებობდა. მათ შორის, მიედინებოდა მდინარეები და სრულფასოვანი ზღვების და ოკეანეების ტალღები ლივლივებდნენ. მაგრამ მილიარდობით წლის წინ პლანეტა 3-ჯერ ნაკლებ მზის სინათლეს ღებულობდა, ვიდრე დღეს დედამიწა ღებულობს. მაშინ, როგორ ღებულობდა მარსი ჰიდროსფეროს შენარჩუნებისთვის საჭირო სითბოს?

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პლანეტოლოგმა, ედვინ კაიტმა ამ კითხვის პასუხი წარმოადგინა. ის ერთი შეხედვით პარადოქსულია, მაგრამ ფიზიკის კანონებს არ ეწინააღმდეგება.

მისი სიტყვებით, მარსზე თხელი ყინულის ფენისგან შემდგარი მაღალი ღრუბლები არსებობდნენ, რომლებიც სათბურის ეფექტს ქმნიდნენ.

ადრე არსებული ვერსიებიდან არც ერთმა არ გაამართლა. მაგალითად, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, უზარმაზარ ასტეროიდთან შეჯახებისას გამოიყო კინეტიკური ენერგია, რომელმაც პლანეტა გაათბო. მაგრამ სხვა გამოთვლებმა აჩვენეს, რომ მსგავსი ეფექტი მხოლოდ ერთი ან ორი წელიწადი გაგრძელდებოდა. უძველესი მდინარეების და ტბების კვალი კი მკაფიოდ მიუთითებენ, რომ მარსის “ტენიანი” პერიოდი რამდენიმე ასეული წელიწადი გრძელდებოდა.

კაიტმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ ატმოსფეროში თუნდაც მცირე რაოდენობის ღრუბლებს შეუძლიათ ტემპერატურის მნიშვნელოვნად აწევა.

ეს იდეა პირველად 2013 წელს გაჟღერდა, მაგრამ მაშინ ის უარყვეს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ღრუბლებს არაბუნებრივი თვისებები ექნებოდათ – მაგალითად, მაშინ თუ წყალი ატმოსფეროში იმაზე მეტხანს გაჩერდებოდა, ვიდრე ეს დედამიწის პირობებში ხდება – ეს კი ნაკლებსავარაუდოდ ჩათვალეს.

მეცნიერებმა მარსის ატმოსფეროს სამგანზომილებიანი მოდელი გამოიყენეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ჰიპოთეზის დაკარგულ რგოლს მარსზე ყინულის რაოდენობა წარმოადგენდა. თუ ყინულის საფარი წითელი პლანეტის დიდ ნაწილს დაფარავდა, წარმოიქმნებოდა ზედაპირული ტენიანობა, რომელიც ხელს უწყობს დაბალი სიმაღლის ღრუბლების წარმოქმნას. თუმცა, ისინი პლანეტას ვერ გაათბობდნენ.

მაგრამ, თუ ყინულის უბნები მხოლოდ პოლუსებზე და მთების მწვერვალებზე არსებობდნენ, მაშინ ატმოსფეროში ჰაერი უფრო მშრალი იქნებოდა. ეს კი ხელს უწყობს მაღალი ღრუბლების წარმოქმნას, რომლებიც პლანეტას ადვილად ათბობენ.

კაიტის სიტყვებით, ახალი მოდელი ითვალისწინებს, რომ როგორც კი წყალი ხვდებოდა ადრეული მარსის ატმოსფეროში, ის იქ საკმაოდ დიდხანს ყოვნდებოდა – დაახლოებით წელიწადი – ეს კი ხანგრძლივად არსებულ მაღალ ღრუბლებს წარმოქმნიდა.

მარსის ატმოსფეროს და სითბოს წარმოშობის და დაკარგვის ისტორიის სრული შესწავლა ხელს შეუწყობს სხვა სიცოცხლისთვის გამოსადეგი სამყაროების შესწავლას.

მარსი მნიშვნელოვანია, რადგან ის ერთადერთი ცნობილი პლანეტაა, რომელზეც სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები იყო და მან ისინი დაკარგა. მნიშვნელოვანია იმ მიზეზების გარკვევა, რომელთა გამო შესაძლოა დაირღვეს პლანეტის ხანგრძლივი კლიმატური სტაბილურობა და ასევე იმ საშუალებების გაგება (არა მარტო დედამიწაზე), რომელთა საშუალებით ამ სტაბილურობის შენარჩუნება იქნება შესაძლებელი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*