მარსის კრატერი: ადგილი, სადაც ყინული არასდროს დნება

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ გამოაქვეყნა სურათები, თუ როგორ გამოიყურება კოროლიოვის კრატერი მარსზე. ფოტოები სადგურმა Mars Express–მა გადაიღო.

ავტომატური პლანეტათაშორისი სადგური “Mars Express”–ი 2003 წლის 2 ივნისს გაუშვეს. 20 დეკემბერს სადგური მარსის ხელოვნური თანამგზავრის ორბიტაზე გავიდა.

ამ მოვლენის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ 2018 წლის აპრილში გადაღებული ზოგიერთი სურათი გამოაქვეყნა. ფოტოები კამერა High Resolution Stereo–მ გადაიღო.

კადრში ჩანს კოროლიოვის კრატერი. 82 კილომეტრის დიამეტრის კრატერი მდებარეობს უზარმაზარი დიუნების ველ ოლიმპია უნდესგან (Olympia Undae) სამხრეთით. ეს ველი პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსს გარს აკრავს. ფოტოებზე ის დათოვლილივით ჩანს, თუმცა სინამდვილეში იგი პირველყოფილი ყინულით არის ამოვსებული.

დედამიწის მსგავსად, მარსზეც არის წელიწადის დროები, რომლებიც პეიზაჟს ცვლიან. მაგრამ კოროლიოვის კრატერში ყინული არასდროს არ დნება.

შორეულ წარსულში პლანეტას შეეჯახა მასიური ციური სხეული, რამაც უზარმაზარი ჩაღრმავება წარმოქმნა. ასტრონომები ამას “ცივ ხაფანგს” უწოდებენ. კრატერის ფსკერი დაახლოებით 2 კილომეტრის სიღრმეზე ჩადის. ამ სიცარიელეში წარმოიქმნა 60 კილომეტრის დიამეტრის და 1,8 კილომეტრის სისქის ყინულოვანი გუმბათი. იგი 2200 კუბური კილომეტრის მოცულობის ყინულის და მარსული მტვრის ნაერთს შეიცავს.

გუმბათის მწვერვალთან ჰაერის ნაკადები ცივდება. ეს ყინულის დნობას საშუალებას არ აძლევს. მსგავსი მოვლენა მარსის სამხრეთ პოლუსზე არსებული უფრო მცირე ზომის (36 კმ) კრატერზეც შეიმჩნევა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*