მარსმავალმა Curiosity-მ ციცაბო ფერდობზე რეკორდული ასვლის დროს სელფი გადაიღო

სრულ იზოლაციაში მყოფი როვერი, ფოტოებს გვიზიარებს.

NASA-ს მარსმავალმა Curiosity-მ დახრილ ადგილზე ასვლის რეკორდი დაამყარა: მან “გრინჰიუს ფრონტონი” დაძლია. ეს კლდეების ფართო რიგია, რომელიც ბორცვის წვერზე მდებარეობს. ვიდრე ამ ფერდობზე ავიდოდა, როვერმა სელფი გადაიღო.

ფოტო 360°-იან პანორამას წარმოადგენს. ის დედამიწაზე გამოგზავნილი 86 გამოსახულებისგან შედგება: მასზე მარსმავალია ბორცვის მწვერვალამდე 3,4 მეტრით დაბლა.

Curiosity-მ მწვერვალს 6 მარტს მიაღწია. იქ ასასვლელად 3 მცდელობა გახდა საჭირო. მეორე მცდელობის დროს აპარატი რეკორდულად მაღალი კუთხით დაიხარა – 31°-ით. მარსმავლის მბრუნავ ბორბლებს შეუძლიათ უსაფრთხოდ 45°-ზე გადაიხარონ.

ასვლის წინ, Curiosity-მ შავ-თეთრი ნავიგაციური კამერების საშუალებით ვიდეო ჩაწერა. კამერები აპარატის ანძაზეა დამონტაჟებული. როვერმა მოკლე ვიდეო გადაიღო თავის რობოტიზირებულ ხელზე, რომლის საშუალებით მოხდა ყველა პანორამული სელფის გადაღება.

მარსმავლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი მანიპულატორის ბოლოში დამაგრებული გამადიდებელი ლინზიანი კამერაა (MAHLI). კამერის თითოეული გამოსახულება მხოლოდ მცირე არეალს მოიცავს. სრული სურათისთვის საჭიროა მრავალი გამოსახულება და რობოტიზირებული ხელის მუდმივი მოძრაობა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*