მაჩუ-პიკჩუს მშენებლობის საიდუმლო ამოხსნილია

ინკების უძველესი ქალაქი ძალიან მოუხერხებელ ადგილზეა აშენებული. ახლა ჩვენთვის ცნობილია, რატომ მოხდა ასე.

თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე მდებარე მაჩუ-პიკჩუ კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტურული მიღწევაა. ის “სამყაროს ახალ საოცრებად” არის აღიარებული და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შედის.

2,5 კილომეტრის სიმაღლეზე აგებულ მონუმენტურ კომპლექსს “ქალაქს ღრუბლებს შორის” უწოდებენ, ხოლო თვითონ სახელი ითარგმნება, როგორც “ძველი მწვერვალი”.

ინკების წმინდა ქალაქის ბევრი საიდუმლო ამოხსნილი არ არის. მათ შორის – ადგილმდებარეობა.

მაჩუ-პიკჩუ საიმპერატორო რეზიდენციად გამოიყენებოდა, მაგრამ იქ მისვლა ძალიან რთულია ჩვენს დროშიც კი. მიუხედავად ამისა, ამ ცივილიზაციამ ქვასთან მუშაობის ხელოვნება სრულყოფილად აითვისა. ე. ი. ციცაბო მთის ფერდობებზე ქალაქის აგებას რაღაც ახსნა უნდა ჰქონდეს.

ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების კონფერენციაზე, თავისი ვერსია წარმოადგინა ბრაზილიელმა გეოლოგმა რუალდო მენეგატმა. თანამგზავრების მონაცემებისა და საველე დაკვირვებების საფუძველზე მეცნიერმა მთის ქანების ნაპრალების დეტალური რუკა შეადგინა. ამ და მსგავსმა ნაპრალებმა შექმნეს ცენტრალური ანდები 8 მილიონი წლის წინ. მათი ყურადღებით შესწავლის შემდეგ მენეგატმა აღნიშნა, რომ ეს ნაპრალები წვრილი და მსხვილი ბზარების მთელ ქსელს ქმნიან. ზოგიერთის სიგრძე 175 კილომეტრს აღწევს.

უმეტესი ბზარები ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ან სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიემართება ე. ი. მაჩუ-პიკჩუს მიმართულებით და ისინი ერთმანეთს კვეთენ ასო “X”-ის ფორმით.

ამასთან, ქალაქის ქუჩები, შენობები და ტერასებზე გაშენებული მინდვრებიც ამ მიმართულებაზეა ორიენტირებული. მენეგატი ამას დამთხვევით არ ხსნის! პირიქით, მისი აზრით, ინკებმა სპეციალურად გამოიყენეს ამ ადგილმდებარეობის თავისებურებები: ნაპრალებმა მშენებლობისთვის ბუნებრივად მოამზადეს უბნები და ოსტატებს საქმე გაუადვილეს. საძირკვლების იდეალურად მორგებული ქვები დამუშავებასაც კი არ მოითხოვდნენ – ისინი ნაპრალის ფორმას იმეორებენ, რადგან უშუალოდ ადგილზევე არიან მოპოვებული.

ქვების ეს სიზუსტე, თანამედროვე ინჟინრების და მშენებლების აღფრთოვანებას მუდმივად იწვევენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*