მეკობრეთა განთქმულ ჩაძირულ გემზე 6 ჩონჩხი აღმოაჩინეს

შესაძლოა, რომელიმე თვით შავ სემ ბელამის ეკუთვნის.

მეკობრეების გემი “უიდა” ახალი ინგლისის წყლებში 1717 წელს ჩაიძირა. ხომალდი 1982 წელს იპოვეს და ის დღეისთვის ერთადერთი დადასტურებული მეკობრეების ჩაძირული გემია. სწორედ “უიდაზე” აღმოაჩინეს ექვსი ადამიანის ნეშტი.

ადამიანების ძვლების შემონახვას ხელი იმან შეუწყო, რომ ისინი საიმედოდ ჩაიმარხნენ ქვების და ქვიშის დიდი მასის ქვეშ, რომელიც საუკუნეების მანძილზე ზღვის ფსკერზე წარმოიქმნა. ქვის და ქვიშის მყარი ფენის შიგნით ადამიანების ძვლების არსებობა ფსკერის რენტგენული გადაღების საშუალებით მოხერხდა.

საზღვაო არქეოლოგები იმედოვნებენ, რომ ნეშტებს შორის აღმოჩნდება ლეგენდარული სამუელ ბელამის ჩონჩხი, რომელიც Forbes-მა ისტორიაში ყველაზე შემოსავლიან მეკობრედ დაასახელა. მისი ნაძარცვი, დაახლოებით, 120 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

2018 წელს მკვლევარების ჯგუფის წევრმა, კეისი შერმანმა შეძლო ბელამის დნმ-ის მოპოვება, რომლის შთამომავლები ინგლისში ცხოვრობენ. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ სწორედ გენეტიკური ანალიზის საშუალებით, ისინი ბელამის კვალს მიაგნებენ.

სამუელ ბელამი ინგლისში, დევონშირში 1689 წელს დაიბადა და ჯერ კიდევ მოზარდი შეუერთდა ბრიტანეთის ფლოტს, შემდეგ ის მეკობრეების მხარეს გადავიდა და კაპიტან ბენჯამენ ჰორნიგოლდთან ერთად კარიბის ზღვაში ყაჩაღობდა. ბელამიმ სწრაფად მოიპოვა გუნდის ნდობა. ის “უიდის” კაპიტანი გახდა და მეტსახელი შავი სემი მიიღო.

მისი სტრატეგიის წარმატება იმაში მდგომარეობდა, რომ ის ერთდროულად ორ გემს იყენებდა. ერთი დიდი კარგად იყო იარაღით და ზარბაზნებით აღჭურვილი და მეორე მომცრო, უშუალოდ მოწინააღმდეგის ხომალდის ხელში ჩასაგდებად გამოიყენებოდა. მთელი თავისი სამეკობრეო “კარიერის” განმავლობაში ბელამიმ ხელში ჩაიგდო და გაძარცვა 54 გემი.

1717 წლის 26 აპრილს ბელამი და მისი ეკიპაჟი კეიპ-კოდის სანაპიროსთან (დღევანდელი მასაჩუსეტსის შტატი) ძლიერ შტორმში მოყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნაპირი ძალიან ახლოს იყო, ამან მეკობრეებს ვერ უშველა. გემი გადაყირავდა და ჩაიძირა. 146 კაციდან მხოლოდ 2 გადარჩა. ეკიპაჟის 100-ზე მეტი წევრის ცხედარი ზღვამ რამდენიმე დღეში გამორიყა და ისინი დამარხეს.

მას შემდეგ არქეოლოგებმა ჩაძირულ გემზე 200 000 არტეფაქტი აღმოაჩინეს, მათ შორის, ოქროს მონეტები. თუმცა, ითვლება, რომ ნაძარცვი განძის დიდი ნაწილი, გემის ჩაძირვის შემდეგ ოკეანის ფსკერზეა კვლავ მიმოფანტული.

Leave a comment

Your email address will not be published.


*