“მესიას ფული” – ისრაელში, რომაელების წინააღმდეგ იუდეველების აჯანყების დროინდელი უიშვიათესი მონეტა აღმოაჩინეს

მას აჯანყებულები ჭედავდნენ, რომლებსაც ქარიზმატული ლიდერი, შიმონ ბარ-კოხბა მეთაურობდა.

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მონეტა, რომელსაც ებრაელი აჯანყებულები 132-136 წლებში ჭედავდნენ. ეს დრო დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფოს უკანასკნელ პერიოდად ითვლება ისრაელის დაარსებამდე.

აღმოჩენა ისრაელის სიძველეთა სამმართველოს არქეოლოგებს ეკუთვნით. მონეტა იერუსალიმის ძველი ქალაქის ნაწილში, უილიამ დევიდსონის არქეოლოგიურ პარკში აღმოაჩინეს. არქეოლოგი დონალდ ცვი არიელი ამბობს, რომ 22 ათასი მონეტიდან, რომლებიც ძველ ქალაქშია აღმოჩენილი, მხოლოდ ოთხია ბარ-კოხბის აჯანყების დროინდელი და ამ ტიპის მონეტა ბოლო 40 წლის მანძილზე პირველად აღმოაჩინეს.

იმპერატორ ადრიანეს დროს, 132-136 წლებში იუდეველების აჯანყებას რომაელების წინააღმდეგ, მეორე იუდეის ომსაც უწოდებენ. პირველი ომი 66-73 წლებში მიმდინარეობდა და იუდეველების დამარცხებით და იერუსალიმის დანგრევით დასრულდა. კიდევ ერთი აჯანყება კვიეტის ომი, ბოლომდე არ იყო ჩამცხრალი.

ბარ-კოხბის აჯანყება, ფაქტიურად, კოხბის ომის დასრულებისთანავე დაიწყო. მიზეზი ადრიანეს რომაული კანონების სერია გახდა. ებრაელებს ეკრძალებოდათ ახალშობილების წინადაცვეთა და მოსამართლეების დანიშვნა. ასევე იმპერატორი გეგმავდა იერუსალიმის ელია კაპიტოლინას სახელით აღდგენას და იუდეური ტაძრის ადგილას წარმართული რომაული ტაძრის აგებას.

შიმონ ბარ-კოხბა (ვარსკვლავის შვილი) – რომლის ნამდვილი სახელია შიმონ-ბენ-კოსიბა, ქარიზმატული ლიდერი იყო, რომელსაც ბევრი ძველ აღთქმაში მოხსენიებულ მესიად თვლიდა.

თავდასხმა რომაელებისთვის მოულოდნელი იყო და აჯანყებას თავიდან წარმატება მოჰყვა. ბარ-კოხბა და მისი მომხრეები სიმაგრეებს აგებდნენ და რომაელების წინააღმდეგ პარტიზანულ ომს აწარმოებდნენ.

წარუმატებლობის გამო, იუდეის პროკურორი ტინიუს რუფუსი იულიუს სევერმა შეცვალა. ის ადრიანეს საუკეთესო სარდალი იყო. მან აჯანყებულების ტაქტიკა გამოიყენა: ახდენდა მცირე თავდასხმებს და ნელ-ნელა აჯანყებულებს აღებული ტერიტორიები დაატოვებინა. ალყაში მოქცეულებს წყლის და პროდუქტის მიწოდებას უწყვეტდა.

რომაული ჯარები ნელა, თითქმის 4 წელი, გამაგრებულ პუნქტებს ერთი მეორეს მიყოლებით იღებდნენ. თალმუდის მონაცემების მიხედვით, რომაელებს 54 ბრძოლის ჩატარება მოუხდათ. აჯანყებულების უკანასკნელ საყრდენად მთის ციხე-სიმაგრე ბეიტარი იქცა, რომელიც შტურმით 135 წელს აიღეს. აქვე დაეცა ბრძოლის ველზე ბარ-კოხბა. თუმცა, ზოგიერთი იუდეური წყაროს მიხედვით, ის გველის ნაკბენისგან მოკვდა.

ერთი წლის შემდეგ რომაელებმა საბოლოოდ ჩაახშეს იუდეველების აჯანყება და 1812 წლით შეწყვიტეს ებრაელი ხალხის დამოუკიდებლობა.

ბარ-კოხბას აჯანყების მასშტაბებზე ისტორიკოსების აზრი გაყოფილია. ზოგიერთი თვლის, რომ აჯანყება ფართომასშტაბიანი იყო და მან მთელი ქვეყნის ტერიტორია მოიცვა. ზოგიერთი თვლის, რომ ეს არ იყო ძალიან მასშტაბური და მას ხალხის ზოგიერთი ფენის მღელვარების ხასიათი ჰქონდა.

ახალი აღმოჩენა პირველი ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს. აღმოცენილი მონეტის ყურძნის მტევნით შემკულ გვერდზე არის წარწერა: “ისრაელის თავისუფლების მეორე წელი”. იერუსალიმის სახელი ივრითზე კი იმაზე მეტყველებს, რომ აჯანყებულებს ამ ქალაქის ხელში ჩაგდების ამბიცია ამოძრავებდათ.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მონეტას პირდაპირი დანიშნულების გარდა, პროპაგანდისტული დანიშნულებაც ჰქონდა. გამოუცნობი რჩება, როგორ მოხვდა მონეტა იერუსალიმში, რომლის ხელში ჩაგდებაც აჯანყებულებმა ვერ შეძლეს.

არქეოლოგების აზრით, მონეტა ერთ-ერთმა რომაელმა ლეგიონერმა ქალაქში სუვენირის სახით ჩამოიტანა.

1d4419c287334ae08cb9fadeca730a14.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*