მექსიკელი ფერმერის ხელახალი აღმოჩენა 53 წლის შემდეგ

მექსიკაში ფერმერები 1966 წელს შემთხვევით დამალულ მღვიმეს წააწყდნენ. ლუის უნი მაშინ პატარა ბიჭი იყო. მღვიმე პირველად სწორედ მან ნახა. აღმოჩენის შესახებ გამოჩენილ მექსიკელ არქეოლოგს აცნობეს, რომელმაც შესასვლელი მალევე დალუქა. ათწლეულები გავიდა და უცნაური ადგილი ყველამ დაივიწყა, ლუის უნის გარდა, რომელიც ახლა 68 წლისაა. შარშან სწორედ ლუისი წარუძღვა არქეოლოგთა ჯგუფს, რომლის მიზანიც მაიას ცივილიზაციის ერთ–ერთი უძველესი და უძლიერესი ქალაქის, ჩიჩენ–იცას ქვეშ დამალული ამ მღვიმის საიდუმლოს ამოხსნა იყო. რა იმალებოდა პირამიდების ქალაქის ქვეშ, ბალამკუს მღვიმეში, რაც მაიას ენაზე “იაგუარის ღვთაების მღვიმეს” ნიშნავს? – არქეოლოგებს აქ მაიას ცივილიზაციის ასობით არტეფაქტი დახვდათ. როგორც მექსიკელი არქეოლოგი გილერმო დე ანდა ამბობს, სხვადასხვა სარიტუალო ოთახში გადანაწილებული ასობით არტეფაქტი გასაოცრად კარგ მდგომარეობაშია და ეს აღმოჩენა ჩიჩენ–იცას ისტორიას ხელახლა გადაწერს.

გამოქვაბულის შესწავლა საკმაოდ რთულია, რადგან გასასვლელები ზოგან ვიწროა და თანაც სავსეა ქვეწარმავლებითა და მწერებით, თუმცა მასალები მართლაც უნიკალურია. არტეფაქტებს შორის არის საკმეველის დამჭერები, საკვების კონტეინერები, ჭურჭელი სასმელისთვის. არაერთ არტეფაქტზე წყლის ღმერთი ტლალოკია გამოსახული.

არქეოლოგიური მასალა ასე კარგად ძირითადად იმის გამოა შემონახული, რომ ბალამკუ ბუნებრივად მიუდგომელ ადგილასაა განთავსებული. ზოგიერთი არტეფაქტი შეიცავს უძველესი საკვების, ძვლების, მინერალებისა და თესლების კვალს. მათი ანალიზის შედეგად, მეცნიერები გაცილებით მეტ ინფორმაციას მიიღებენ იმ ხალხის შესახებ, რომელიც ამ კარგად მიმალულ მიწისქვეშა სივრეში ცხოვრობდა.

მკვლევარები ყვებიან, რომ ახ. წ. 700–800 წლებში იუკატანის ნახევარკუნძულის მცხოვრებლები საშინელი გვალვების პირისპირ აღმოჩდნენ. მოსახლეობა იძულებული გახდა, წყალი ეძებნა ყველგან. ბუნებრივი ჭების, ე. წ. სენოტებისა და მათი დამაკავშირებელი ბუნებრივი სისტემების სახით კი, მაიას ხალხმა მიწისქვეშ არა მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი წყალი იპოვა, არამედ რაღაც უფრო მეტი – ღვთაებრიობა. სპეციალისტების განცხადებით, ამას მაიას ხალხი აუცილებლად ითვალისწინებდა სხვადასხვა ძეგლის სდაგეგმარებისას და გიგანტური მღვიმეებიც არანაკლებ საიდუმლოს ინახავს მაიას მისტიკური კულტურის შესახებ, ვიდრე მიწისზედა მონუმენტები.

გილერმო დე ანდას განცხადებით, იმის გამო, რომ ბალამკუს მღვიმე საუკუნეების განმავლობაში ხელუხლებელი იყო, არტეფაქტები კარგად არის შემონახული. მეცნიერები ამბობენ, რომ აღმოჩენები წინ არის, რადგან ასობით მეტრზე წაგრძელებული ჭიაყელას ფორმის მღვიმე, ჯერ სრულად არ შეუსწავლიათ. ამ ეტაპზე ეძებენ მღვიმეების შესაძლო მიწისქვეშა კავშირს ახლომდებარე პირამიდებთან.

Leave a comment

Your email address will not be published.


*