მეცნიერები თვლიდნენ, რომ ჩიტის მუმია აღმოაჩინეს, ის კი მკვდრადშობილი ბავშვი აღმოჩნდა

რამდენიმე წელი მუმია მუზეუმში ინახებოდა და არავის უეჭვია, რომ ის წმინდა ფრინველი კი არა, ადამიანის ემბრიონი იყო.

რამდენიმე წლის წინ არქეოლოგებმა ძველი ეგვიპტის ტერიტორიაზე 2100 წლის წინანდელი მუმია აღმოაჩინეს. მისი ზომების, ორნამენტების და მუმიაზე გაკეთებული ნახატების მიხედვით, მათ დაასკვნეს, რომ ეს შევარდენის – ძველი ეგვიპტის წმინდა ფრინველის მუმია იყო. ის ღმერთ ჰორის სახედ ითვლებოდა.

ეს ლოგიკურ დასკვნად ითვლებოდა: დასაკრძალავი სარკოფაგის ზომები პატარა ზომის ფრინველისას იდეალურად ესადაგებოდა. მასზე მოოქროვილი საღებავით ამ წიმინდა ფრინველის თავი იყო დახატული, ასევე იეროგლიფების ტექსტი, რომელშიც ღმერთი ჰორი იყო მოხსენიებული.

წმინდა ცხოველების მუმიფიკაცია ეგვიპტეში ძალიან გავრცელებული იყო, ამიტომ მეცნიერებს თავიანთ გადაწყვეტილებაში ეჭვი არ შეუტანიათ. მუმია ინგლისის მეიდსტონის მუზეუმს გადასცეს. მას მიანიჭეს სახელი “პტოლემაიოსების დინასტიის მუმიფიცირებული შევარდენი EA 493”

2016 წელს მეცნიერებმა ადამიანის ერთ-ერთი მუმიის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება გადაწყვიტეს. ამასთან, რამდენიმე მცირე ზომის მუმიის გამოკვლევაც გადაწყვიტეს. და მაშინ დაინახეს, რომ ფრინველის ნახატების უკან, პატარა სარკოფაგში შევარდენი კი არა, არამედ მოკუნტული პრიმატი ჩანდა. გამოსახულება მკვეთრი არ იყო, ამიტომ მეცნიერებმა გადაწტვიტეს, რომ ეს მაიმუნის მუმია იყო.

თუმცა, ორი წლის შემდეგ, 2018 წელს ანთროპოლოგმა ენდრიუ ნელსონმა მკვლევარების მრავალრიცხოვანი გუნდი შეკრიბა ამ პატარა მუმიის გამოსაკვლევად. სწორედ მაშინ გაირკვა მისი საიდუმლო: სახვევებს მიღმა ადამიანის ემბრიონი გამოჩნდა სხვადასხვა დეფექტით. მათ შორის, ხერხემლის აგებულების სერიოზული დარღვევები, ასევე თანდაყოლილი მანკი, რომელიც თავის ქალისა და ტვინის ნორმალურ განვითარებას შეუშლიდა ხელს – ანენცეფალია. 22-28 კვირის ნაყოფი მკვდრად იყო შობილი.

სკანირებისას ნორმალური მხოლოდ ფეხის და ხელის თითები გამოჩნდა. ტვინი ფაქტიურად არ იყო, თავის ქალა ძლიერ დეფორმირებული, ასევე მას მგლის ხახა (ან კურდღლის ტუჩი) აღმოუჩინეს.

ის, რომ მუმია ასე სათუთად იყო დამზადებული და შენახული, იმაზე მეტყველებს, რომ ოჯახი მას განსაკუთრებულად თვლიდა და მის გამო გლოვობდა. როგორც წესი, ეგვიპტეში დაუბადებელი ბავშვების მუმიებს არ ამზადებდნენ. მათ სპეციალურ ჭურჭელში დებდნენ და მინაში მარხავდნენ. ეს გამონაკლისი მის განსაკუთრებულობაზე მეტყველებს. ისტორიის მანძილზე სულ 8 ასეთი მუმიაა აღმოჩენილი. მხოლოდ 1826 წელს აღმოჩენილ ნაყოფს აღმოაჩნდა ანენცეფალია. ეს კი მეორე მსგავსი აღმოჩენაა.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ნაყოფის ასეთი განვითარება საკვების უკმარისობით შეიძლება იყოს გამოწვეული. როგორც ჩანს, დედა ვერ იღებდა ფოლიუმის მჟავით მდიდარ საკვებს. ეს ვიტამინი აუცილებელია ნაყოფის სწორად განვითარებისთვის.

ეს ყველაფერი მაინც ვერ ხსნის იმას, თუ, რატომ იყო მუმია გაფორმებული ფრინველის გამოსახულებებით, ასევე ტექსტიც, რომელიც ღმერთ ჰორს მოიხსენიებს.

ამის ახსნა სხვა არტეფაქტებს შეუძლიათ, რომლებიც მუმიასთან ერთად იყო დამარხული, მაგრამ ისინი მეცნიერებს არ მოეპოვებათ.

58fb408d3e4545f9b775ab571cbe2dc2.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*