მეცნიერებმა ფარაონ ამენჰოტეპ I-ის მუმია გამოიკვლიეს

მუმია ძალიან გულდასმით არის შეხვეული. სახვევების მოხსნისას ის დაზიანდება.

XIX-XX საუკუნეებში აღმოჩენილი ფარაონების ყველა მუმია გახსნილია და ისინი კარგად არიან შესწავლილი. გამონაკლისი, მხოლოდ, ამენჰოტეპ I–ის მუმიაა. საქმე მითიურ წყევლას და ცრურწმენას არ ეხება – მისი მუმია იდეალურად არის შეხვეული და ყვავილების გირლიანდებითაა მორთული. სახე და ყელი დაფარულია ფერადი ქვებით გაფორმებული რეალისტური ნიღბით. ამ ფენების მოხსნის დროს დაზიანდება სახვევებიც და მუმიფიცირებული სხეულიც. დასახმარებლად თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენეს: სამგანზომილებიანი სკანირებით შესაძლებელი გახდა სახვევებით დაფარული სხეულის შესწავლა.

ამენჰოტეპ I-ის მუმია 1881 წელს, სხვა სამეფო მუმიებთან ერთად, დეირ-ელ-ბაჰარში აღმოაჩინეს. ეგვიპტის XVIII დინასტიის მეორე ფარაონი ძვ.წ. 1525-1504 წლებში მეფობდა. ეს, ეგვიპტის ისტორიაში ოქროს ხანად ითვლება. ქვეყანა ყვაოდა და იქ ცხოვრება უსაფრთხო იყო. ამენჰოტეპ I-ის სხეული 400 წლის შემდეგ, XI საუკუნეში გადაასვენეს. იმ დროისთვის ბევრი სამეფო სამარხი გაძარცვული იყო და XXI დინასტიის დროს, ქურუმებმა გადარჩენილი სამეფო მუმიები გადამალეს. იმ დროიდან ამენჰოტეპ I-ის მუმია ჩვენამდე ხელუხლებელი შემორჩა.

მეცნიერებმა მუმია ციფრულად ფენა-ფენა შეისწავლეს. მას ვირტუალურად მოხსნეს ნიღაბი და სახვევები და მრავალი დეტალი თვალსაჩინო გახადეს. ამენჰოტეპ I 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიმაღლე 169 სანტიმეტრს შეადგენდა. მას წინადაცვეთა ჰქონდა ჩატარებული და კარგი, ჯანმრთელი კბილები ჰქონდა. მისი შიგნეულობა, გულის და ტვინის გარდა, ამოღებული იყო. ის დაკრძალული იყო 30 ამულეტით და უნიკალური ოქროს ქამრით. გარეგნობით ამენჰოტეპ I მამას, ფარაონ იახმოს I-ს ჰგავდა: ჰქონდა ვიწრო ნიკაპი, პატარა თხელი ცხვირი, ხვეული თმები და ოდნავ წინ გამოწეული ზედა კბილები. რაიმე დაავადების ან ფიზიკური დაზიანების ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს. ამიტომ, გაურკვეველია მისი სიკვდილის მიზეზი ასეთ ახალგაზრდა ასაკში.

თუმცა, სხეული უკვე სიკვდილის შემდეგ დააზიანეს. ეგვიპტოლოგები ადრე ვარაუდობდნენ, რომ XI საუკუნეში რესტავრირების მიზანი დასაკრძალავი ინვენტარის ხელმეორედ გამოყენება იყო გვიანი პერიოდის ფარაონებისთვის. ახალმა კვლევებმა ეს თეორია გააბათილეს.

“ქურუმებმა სათუთად დაამუშავეს და შენიღბეს დაზიანებები, რომლებიც მძარცველებმა მიაყენეს სხეულს. მუმიას დაუბრუნეს ძველებური დიდება, ხელუხლებლად შეინარჩუნეს ბრწყინვალე სამკაულები და ამულეტები”. – ამბობს ეგვიპტოლოგი ზაჰის ჰავასი.

მეცნიერებმა ახალი სამეფოს პერიოდის 40-ზე მეტი მუმია შეისწავლეს. 22 მუმია, მათ შორის ამენჰოტეპ I-ის მუმია, კაიროს ახალ მუზეუმს გადაეცა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*