მითანის იდუმალი იმპერიის ქალაქს ტიგროსი მალავდა

მდინარე ტიგროსის ნაპირებთან სასახლის ნანგრევებს მიაკვლიეს. ბრინჯაოს ხანის ძეგლი, რომელსაც კემუნეს უწოდებენ, ერაყის ქურთისტანში, მოსულის კაშხლის ტერიტორიაზე მიაკვლიეს. აქ ათი წლის განმავლობაში მუშაობდა არქეოლოგთა ქურთულ-გერმანული ექსპედიცია. სასახლის ნაშთები კაშხალში წყლის დონის შემცირების შემდეგ გამოჩნდა. თავდაპირველად ორი მეტრის სისქის კედლები შენიშნეს, რომლებიც სასახლის შიდა კედლები აღმოჩნდა, თაბაშირის სტრუქტურითა და კაშკაშა, კარგად შემონახული კედლის მხატვრობით. იატაკის ფილებად გამომწვარი აგურია გამოყენებული. ნახეს აღწერილობის შემცველი თიხის ფირფიტებიც.

მეცნიერთა განცხადებით, სასახლის ტერიტორიაზე ორი არქეოლოგიური შრე შეინიშნება, რაც მიუთითებს, რომ შთამბეჭდავი ნაგებობა, რომელიც დროთა განმავლობაში იერსა და მასშტაბსაც იცვლიდა, საკმაოდ დიდხანს იყო მითანის იმპერიის საკვანძო შენობა. გაწმენდის შემდეგ გაირკვა, რომ სასახლე თავდაპირველად შემაღლებულ, ტალახის აგურისგან ნაგებ ტერასაზე აუშენებიათ მდინარის აღმოსავლეთ ნაპირიდან 20 მეტრში და ის ტიგროსის ხეობას გადაჰყურებდა. როგორც თავდაპირველი დაკვირვებები მიუთითებს, ამ ადგილას იყო უძველესი ქალაქი ჟახიკუ, რომელიც ძვ. წ. 1800 წელს დაარსდა და სულ მცირე, ოთხი საუკუნის განმავლობაში იყო მითანის იმპერიის მნიშვნელოვანი ცენტრი.

სპეციალისტების ნაწილმა აღმოცენას სენსაციური უწოდა. გერმანიის ტიუბინგენის უნივერსიტეტის არქეოლოგი ივანა პულიცი ამბობს, რომ ძვ. წ. II ათასწლეულში ახლო აღმოსავლეთის სასახლეებში კედლებს ხატავდნენ, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ იშვიათმა ნიმუშებმა მოაღწია.

სასახლეში აღმოჩენილი თიხის ფირფიტების წარწერების გაშიფვრაზე მეცნიერები უკვე მუშაობენ და იმედოვნებენ, რომ მათი გაშიფვრის შემდეგ გაცილებით მეტს შევიტყობთ მითანის იმპერიის შესახებ. ზეობის პერიოდში მითანი გადაჭიმული იყო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან თანამედროვე ჩრდილოეთ ერაყამდე, აკონტროლებდა მესოპოტამიას და თანამედროვე სირიის ტერიტორიას. უძველეს ჩანაწერებზე დაყრდნობით, ისტორიკოსებმა უკვე იციან, რომ მითანის მეფეები ეგვიპტის ფარაონებთან ისე ურთიერთობდნენ, როგორც თანასწორებთან. თუმცა ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი იმ ხალხის შესახებ, რომელმაც მითანის იმპერია შექმნა და ისიც ძირითადად სხვა ქვეყნებისა და ცივილიზაციების წყაროებიდან. ისინი ხურიტულად და აქადურად მეტყველებდნენ. უძველესმა სასახლემ შეიძლება, ისტორიის ამ პერიოდის შესახებ არსებული ვაკუუმი მცირედით მაინც შეავსოს. კემუნე 2018 წელს იპოვეს, თუმცა მეცნიერებს მისი კვლევის შესაძლებლობა მხოლოდ ბოლო დროს მიეცათ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*