მილიონობით წელი ქარვის ტყვეობაში

მიანმარში იპოვეს ქარვის ნატეხი, რომელშიც პატარა გველია (გველის წიწილი) ჩაჭედილი და რომელიც სავარაუდოდ 99 მილიონი წლისაა. ცარცული პერიოდის ნამარხი საკმაოდ პატარაა, სიგრძით 4,75 სანტიმეტრია, არ აქვს თავი და 97 ძვლისგან შედგება.

ახალ სახეობას მკვლევარებმა Xiaophis myanmarenisis-ი უწოდეს და მიაჩნიათ, რომ ის სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში დღეს გავრცელებულ გველებს ენათესავება.

მაიკლ კალდუელი, პალეონტოლოგი: “იმის მიუხედავად, რომ ეს გველი ახალშობილია, გამოირჩევა მრავალი ისეთი მახასიათებლით, რაც ამ სახის ნამარხ გველებში აქამდე არასოდეს გვინახავს. ჩვენს ხელთ არის ტყის ბინადარი გველის პირველი აშკარა, ნამარხი მტკიცებულება”.

მკვლევართა განცხადებით, ეს ერთ–ერთი უძველესი ნიმუშია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის და მრავალ საინტერესო კითხვასაც წარმოშობს.

მაიკლ კალდუელი: “უცნობია, ეს ადრეული გველები ცოცხალმშობნი იყვნენ თუ კვერცხიდან იჩეკებოდნენ. არც ის ვიცით, ქარვის წებოვან მასაში კვერცხი ჩავარდა და პატარა გველი იქ ისე აღმოჩნდა, თუ უშუალოდ ჩაიჭედა”.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არსება ტყიან გარემოში ბინადრობდა, სადაც მრავლად იყო მწერები და მცენარეები, რადგან ქარვის ნატეხში ისინიც ჩაჭედილია.

ქარვის ნატეხი ასევე შეიცავდა ქერცლის ნარჩენებს. მეცნიერთა აზრით, ის უფრო დიდი გველისა უნდა იყოს. ოღონდ ჯერ დაუდგენელია, იმავე სახეობისაა თუ არა.

დედამიწის უძველეს ბინადართა ქარვაში ჩაჭედილი ნამარხების მოსაპოვებლად მიანმარი ერთ–ერთი საუკეთესო ადგილია. მკვლევარებმა აქ ცარცული პერიოდის ბაყაყი აღმოაჩინეს, რაც ტროპიკულ ტყეებში ბაყაყების გავრცელების პირველი უძველესი მტკიცებულება გახდა.

მიანმარში ასევე აღმოჩენილია ქარვის ნატეხებში ჩაჭედილი უძველესი ფრინველები, ქამელეონი, ვამპირი ჭიანჭველა და დინოზავრის პატარა ბუმბულიანი კუდიც კი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*