მისიონერული პოზა სექსში 400 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ არის გამოგონილი

პირველები, ვისაც შეჯვარება შეეძლო უძველესი აბჯრიანი თევზები აღმოჩნდნენ. ამას ისინი “მისიონერულ” პოზაში აკეთებდნენ.

აბჯრიანი თევზები ჩვენს პლანეტაზე 70 მილიონი წლის მანძილზე ბინადრობდნენ და საბოლოოდ 350 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ. გაქვავებული ნამარხების შესწავლისას, მეცნიერებმა მათი გამრავლების საიდუმლო ამოხსნეს. ეს კლასიკური ხერხით ხდებოდა – სხვადასხვა სქესის ორი არსების შეჯვარებით. თუმცა გაქრობასთან ერთად, აბჯრიანმა თევზებმა “საიდუმლოც თან წაიღეს”. შემდგომი თევზების სახეობები ქვირითით მრავლდებოდნენ. გამონაკლისია ზვიგენები და სხვა ხრტილოვანი თევზები, მაგრამ მათი პირდაპირი კავშირი აბჯრიანებთან დადასტურებული არ არის.

აბჯრიანი თევზების სქესობრივი ფუნქციის შესწავლა 1930-იან წლებში დაიწყო. ეს 390 მილიონი წლის წინ შოტლანდიაში მობინადრე თევზის Rhamphodopsis-ის მაგალითზე მოხდა. 1960-იანი წლებისთვის მეცნიერებმა შეძლეს უცნაური წანაზარდის აღმოჩენა, რომელიც მუცლის ფარფლებთან ახლოს მდებარეობდა და მას ცურვის ფუნქცია არ ჰქონდა.

იმის დამტკიცება, რომ უძველესი თევზები შინაგანი განაყოფიერებით მრავლდებოდნენ, მხოლოდ 2008 წელს მოხერხდა. ეს წანაზარდები სასქესო ორგანოები აღმოჩნდა. ავსტრალიელმა მეცნიერებმა შესანიშნავად შემონახული ემბრიონი აღმოაჩინეს უძველესი აბჯრიანი თევზის ნამარხში. ემბრიონს L-ფორმის წანაზარდი უკვე ფორმირებული ჰქონდა.

ეს აბჯრიანი თევზი Microbrachius dicki სიგრძეში 8 სანტიმეტრს აღწევდა. მამრებს მუცელთან L-ფორმის წანაზარდები ჰქონდათ. მდედრებს შესაბამისი ღარი ჰქონდათ, ასევე სპეციალური ძვლოვანი ფირფიტები, რომლებიც შეჯვარების დროს წანაზარდს იჭერდნენ. ავსტრალიელი მეცნიერის ჯონ ლონგის აზრით, შეჯვარება “პირისპირ” ხდებოდა, ე.წ. “მისიონერულ” პოზაში.

მიუხედავად იმისა, რომ ზვიგენები აბჯრიანი თევზების დროს უკვე ბინადრობდნენ დედამიწაზე, მათი სასქესო ორგანოები სრულიად განსხვავებულად არის მოწყობილი.

მეცნიერები თვლიან, რომ ზვიგენები და აბჯრიანი თევზები ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ, თუმცა გამარჯვებულები ზვიგენები გამოვიდნენ. თუმცა აბჯრიანი თევზები ზვიგენებზე რამდენიმე მილიონი წლით ადრე გაჩნდნენ და მათთვის ცნობილი იყო, თანამედროვე გაგებით, შეჯვარების პროცესი.

ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა არა მარტო კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, არამედ შექმნეს ფილმი, რომელშიც ნაჩვენებია, თუ, როგორ გამოიყურებოდა სამყაროში პირველი სექსი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*