მიწათმოქმედების გაჩენა კომეტის ჩამოვარდნის შემდეგ

თურქეთში, ერთ–ერთ უძველეს და სახელგანთქმულ ტაძარში აღმოჩენილი სიმბოლოები მეტყველებენ, რომ დედამიწას 11 000 წლის წინ კომეტა შეეჯახა. გამანადგურებელ მოვლენას მოჰყვა მკვეთრი აცივება, აგრეთვე მამონტების გადაშენება, თუმცა მან ცივილიზაციების სწრაფ აღმავლობას შეუწყო ხელი.

ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები სწავლობდნენ თურქეთში, გიობექლი–თეფეს ტაძარში, ქვის სვეტებზე გამოსახულ იდუმალ სიმბოლოებს, რათა გაერკვიათ, ხომ არ აღნიშნავდნენ ისინი თანავარსკვლავედებს. მათი შეფასებით, დედამიწას კომეტის ფრაგმენტების გროვა დაეცა ე.წ. მცირე გამყინვარების დროს, რამაც გავლენა მოახდინა მთლიანად კაცობრიობის ისტორიის მსვლელობაზე.

დღემდე მიიჩნევდნენ, რომ ფიობექლი–თეფე სტოუნჰენჯამდე თითქმის 6 ათასი წლით ადრე, დაახლოებით 9 ათასი წლის წინ ააგეს. თუმცა კვლევებმა გიობექლი–თეფე კიდევ 2 ათასი წლით “დააბრუნა”.

სიმბოლოები გამოსახულია “ფასკუნჯის ქვის” სახელით ცნობილ სვეტზე, სადაც ამოკვეთილია სხვადასხვა ცხოველი სპეციფიკურ პოზიციაში. მეცნიერები სიმბოლოებზე დიდხანს იმტვრევდნენ თავს, მაგრამ როგორც მარტინ სეიტმენმა და მისმა ინჟინრების ჯგუფმა განსაზღვრეს, ისინი ასტრონომიულ თანავარსკვლავედებს შეესაბამება.

იმის გასარკვევად, მართლაც დაეცა თუ არა კომეტა დედამიწას, მკვლევარებმა კომპიუტერული მოდელები გამოიყენეს, რათა დაედგინათ, დაემთხვევოდა თუ არა “ფასკუნჯის ქვაზე” დატანილი ფიგურები სპეციფიკურ თარიღს. აღმოჩნდა, რომ საძიებელი მოვლენა დაახლოებით ძვ. წ. 10 950 წელს უნდა მომხდარიყო. გამოთვლების ცდომილება 250 წელია.

მოულოდნელი აცივების წინ, ველური ხორბლისა და ქერით დაფარულმა უკიდეგანო სივრცეებმა მომთაბარე მონადირეებს საშუალება მისცა, მუდმივ ადგილებში დაბანაკებულიყვნენ. როცა ციური სხეულის დარტყმის გამო ჰავა შეიცვალა და მკვეთრად აცივდა, მუდმივ ადგილებში დამკვიდრებული ადამიანთა ჯგუფები იძულებული გახდნენ, უფრო მსხვილ საზოგადოებებად გაერთიანებულიყვნენ და შეემუშავებინათ მცენარეების ხელოვნურად გახარების, მორწყვისა და სელექციის მეთოდები. დაიწყო მიწათმოქმედება, გაჩნდა პირველი ქალაქები.

მარტინ სეიტმენი, ედინბურგის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი: “პალეოლითის ხანის მღვიმის მხატვრობის მრავალი ნიმუში და არტეფაქტი, ცხოველთა მსგავსი გამოსახულებებით თუ სხვა განმეორებადი სიმბოლოებით, გვაფიქრებინებს, რომ კომეტა ძალიან კარგად ჩანდა და ღამეულ ცაზე დომინირებდა. გასაკვირი არ არის, რომ უძველესი ხალხი მას სხვადასხვა ორნამენტითა თუ მხატვრობით გამოსახავდა”.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*