“მკვდრების ქალაქი”: სად მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე საშინელი სასაფლაო

როცა ადამიანებმა გაიგეს, რომ ადგილობრივი ნიადაგი სხეულების ხრწნას აფერხებს, მათ დაიწყეს მიცვალებულების გამოფენა კატაკომბებში კუბოების გარეშე.

XVI საუკუნეში სიცილიის ქალაქ პალერმოში გაიხსნა კაპუცინების მონასტერი, რომელიც ბევრი ბერის სახლად იქცა. საუკუნის ბოლოს აუცილებელი გახდა საკუთარი სასაფლაოს გახსნა. ამისთვის გამოიყენეს მონასტრის ტაძრის ქვეშ არსებული კრიპტა. პირველი აქ მუმიფიცირებული მღვდელი სილვესტრო დაკრძალეს. შემდეგ რამდენიმე გარდაცვლილი ბერიც გადმოასვენეს.

XVII საუკუნეში გაირკვა, რომ ნიადაგის და ჰაერის თავისებურება ხელს უშლიდა სხეულების გახრწნას. გაუხრწნელი სხეულების დაკრძალვის იდეა მოსახლეობას მოეწონა და მათ მონასტრის ადმინისტრაციას კატაკომბებში დაკრძალვის ნებართვა სთხოვეს. მალე შენობაში ადგილი აღარ დარჩა და კაპუცინებმა კრიპტას ახალი დერეფნები დაამატეს.

კატაკომბების განსაკუთრებული ბუნებრივი პირობების მიუხედავად, სხეულებს მაინც ამუშავებდნენ. მათ 8 თვის განმავლობაში სპეციალურ კამერებში აშრობდნენ, შემდეგ ძმრით ამუშავებდნენ. ეპიდემიების დროს მეთოდები იცვლებოდა: სხეულებს კირში აწყობდნენ ან დარიშხანის შემცველი სითხით ამუშავებდნენ. შემდეგ მიცვალებულს საუკეთესო სამოსში გამოწყობილს მიწისქვეშა დერეფნებში ათავსებდნენ.

დიდგვაროვანი მოქალაქეები გულუხვ შესაწირს წირავდნენ მონასტერს. ამით მათ უფლება ჰქონდათ წელიწადში რამდენჯერმე მიცვალებულისთვის სამოსი გამოეცვალათ.

1837 წელს აიკრძალა მიცვალებულების საჯაროდ გამოფენა. ამის შემდეგ დერეფნები კუბოებით აივსო. მაგრამ მოქალაქეებმა აქაც მონახეს გამოსავალი: კუბოს ერთ კედელს აცლიდნენ და “ფანჯარას” ტოვებდნენ.

ოფიციალურად კატაკომბები 1881 წელს დაიკეტა, თუმცა ამის შემდეგაც რამდენიმე ადამიანი დაიკრძალა.

სასაფლაოს საბოლოო სახე ოთხკუთხედია, რომელსაც დამატებითი დერეფანი აქვს. ოთხკუთხედის გვერდები ბერების, მამაკაცების, ქალების და პროფესიონალების დერეფნებია. ძირითადი დერეფნების გადაკეთებაზე მცირე ზომის კუბიკულებია ბავშვებისთვის და ქალწულებისთვის.

ახლა სასაფლაოზე 8000 სხეულია, მათ შორის 1252 მუმიაა – დამდგარი, დამჯდარი და დაწოლილი. დღეს ეს მუზეუმია და ყველა მსურველს აქვს დათვალიერების საშუალება.

ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი განყოფილებაა წმინდა როზალიას სამრეკლო. 1920 წელს ფილტვების ანთებით 2 წლის როზალია ლომბარდო გარდაიცვალა. დამწუხრებულმა მამამ მისი მონასტერში დაკრძალვის უფლება მოიპოვა. ეს უკანასკნელი სხეულია აქ დასაფლავებული, მაგრამ ის მარტო ამით არ არის ცნობილი: ბალზამირება ახალი ტექნოლოგიით ჩაატარა სიცილიელმა ქიმიკოსმა ალფრედო სალაფიამ. მისი საიდუმლო XXI საუკუნეში აღმოაჩინეს მონასტრის არქივებს შორის.

როზალიას კანი დიდხანს ინარჩუნებდა ბუნებრივ ფერს და ბავშვი მძინარეს ჰგავდა. მას “მძინარე მზეთუნახავიც” კი შეარქვეს. ხრწნის პროცესი 2000–იან წლებში შეინიშნა. მის შესაჩერებლად სხეული აზოტით ავსებული მინის სათავსოში გადაიტანეს.

დღეისთვის ეს უნიკალური სასაფლაო პალერმოს ერთ–ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*