მკვლელი ჭია ოკეანის ფსკერზე

მთელს მსოფლიოში ოკეანის თბილ წყლებში სამმეტრიანი ჭია ბინადრობს, რომელიც გრუნტში იმალება და მსხვერპლს თავს ესხმის. მისი ნადირობის ვიდეო თრილერებიდან სცენას ჰგავს.

მეწამული ავსტრალიური ჭია ეუნიცე აფროდიტა (Eunice aphroditois) ინდოეთის და წყნარი ოკეანის ტროპიკულ წყლებში 6–დან 40 მეტრამდე სიღრმეში ბინადრობს. ის გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკიდან ინდონეზიამდე, ფილიპინებზე და იაპონიაში. ეს ზღვის მტაცებელი ჭია 3 მეტრამდე სიგრძეს აღწევს. სისქე კი მხოლოდ 2,5 სანტიმეტრია. ეუნიცე ზღვის შლამში სოროში ზის და ზემოთ მხოლოდ თავი ამოდის. მსხვერპლის აღმოსაჩენად ქიტინის ულვაშებს იყენებს ანტენებივით. დასაჭერად და დასანაწევრებლად კი ქიტინის ყბებს.

მისი კვების რაციონს თევზები, თავფეხიანები, კიბოსნაირები და სხვა ზღვის ცხოველები შეადგენენ. როცა ობიექტი მიუახლოვდება, იგი თავს ესხმის.

ეუნიცე აფროდიტა, როგორც წესი, ღამით ნადირობს, დღისით კი იმალება და ისვენებს. ეს ცხოველი ხანდახან, შემთხვევით დიდ აკვარიუმებში ხვდება და იქ შეუმჩნევლად დიდ ზიანს აყენებს ბინადრებს. მსგავსი შემთხვევა მოხდა 2009 წელს Blue Reef Aquarium–ში ბრიტანეთში: მტაცებლის არსებობა მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, როცა თევზები და მარჯნები აუხსნელი მიზეზით დაიღუპნენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*