მოაზროვნე ბრინჯაოს ხანიდან

ისრაელში არქეოლოგთა და სტუდენტთა ჯგუფმა უცნაური ფორმის თიხის დოქი აღმოაჩინა, რომელიც 3800 წელს ითვლის. მათი ყურადღება წყლის ჭურჭელზე წამოსკუპებულმა ფიგურამ მიიქცია. ჩაფიქრებულ მამაკაცს იდაყვი მუხლზე უდევს, ლოყით კი ხელის მტევანს ეყრდნობა.

სიძველეთა მკვლევარები ფიქრობენ, რომ თელავივთან ახლოს, იეჰუდში აღმოცენილი დოქი შუა ბრინჯაოს ხანას უნდა განეკუთვნებოდეს. სტატუის სიმაღლე დაახლოებით 18 სანტიმეტრია.

გილად იტაჩი, ექსპედიციის ხელმძღვანელი: “აშკარაა, რომ თავდაპირველად თიხის დოქი ტრადიციული, იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ტექნიკით დაამზადეს. შემდეგ კი მასზე სტატუა დაამაგრეს. გათხრებისას ადრე მსგავსი რამ არასოდეს უპოვიათ. ჩანს, რომ ჩაფიქრებულ მამაკაცს თავი ხელზე აქვს ჩამოყრდნობილი”.

ამას გარდა, არქეოლოგიურ საიტზე ნაპოვნია ისრის თავები, ხანჯლები, ცულის პირები, ცხვრისა და სავარაუდოდ ვირის ძვლები.

მეცნიერის თქმით, სამარხში აღმოჩენილი კოლექცია მიუთითებს, რომ იქ უძველესი საზოგადოების მნიშვნელოვანი ფიგურა იყო დაკრძალული.

“რამდენადაც ვიცი, ამ ეპოქის ასეთი მდიდრული სამარხისთვის, სადაც ამასთანავე ასეთი უნიკალური ჭურჭელი იქნებოდა, ქვეყანაში არასოდეს მიუკვლევიათ”, – ამბობს იტაჩი.

ბოლო თვეებში მეცნიერთა ჯგუფმა უკვე მიაკვლია სამკაულებს, ოქროს მონეტებსა და მოზაიკის უძველეს ნიმუშებს.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*