მონების “ძმათა სასაფლაო”

საფრანგეთში, მარსელშიძველი გალების დროინდელი მონათა სამარხი აღმოაჩინეს. რვავე ნეშტი, მათ შორის ორი ბავშვის, შესანიშნავადაა შენახული და ძვ. წ. აღ. 500 წლით თარიღდება, ანუ რკინის ხანას განეკუთვნება.

ამ პერიოდში, მაგალითად, პარიზი მეთევზეთა ერთი პატარა, შეუმჩნეველი სოფელი იყო, საფრანგეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტომები დათარეშობდნენ და ერთმანეთს ებრძოდნენ. მარსელი კი (მაშინდელი მასალია) ევროპაში მარილის მოპოვების უმსხვილეს ცენტრს წარმოადგენდა.

ადგილი, სადაც საერთო სამარხს მიაკვლიეს, დღეს დაჭაობებულია. ოდესღაც კი აქ მარილის მაღარო იყო.

სენ ჟერმენის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმის კურატორი ლორან ოლივიე ამბობს, რომ ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრივი სამარხი, რადგან ორმოში, სადაც ადრე ხორბალს ინახავდნენ, სხეულები პირდაღმა, ისე დაუდევრადაა ჩაყრილი, როგორც ნაგავი, რომელსაც თავიდან იშორებ. ჩანს, სიკვდილის ან მკვლელობის შემდეგ ცხედრები თავიდან მოიშორეს.

ძვლებს მძიმე ავადმყოფობის (ან სისასტიკის) და ძალადობრივი სიკვდილის კვალიც ამჩნევია. სპეციალისტთა ვარაუდით, აქ დაკრძალულნი უნდა იყვნენ ძველი გალების მონები, რომელთაც იყენებდნენ როგორც მუშახელს. ნეშტების კარგად შენახვას კი მარილიანმა ნიადაგმა შეუწყო ხელი.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*