მოყვარულმა არქეოლოგმა გერმანიაში 2000 წლის წინანდელი კელტური განძი აღმოაჩინა

ეს, კელტური ოქროს პირველი საგანძურია ბრანდერბურგში.

გერმანიაში მცხოვრები, ვოლფგანგ ჰერკტი მოყვარული არქეოლოგია. ის ბრანდერბურგის უნივერსიტეტის სიძველეთა განყოფილებას ეხმარება და თავისუფალ დროს გათხრებს ატარებს. 2017 წელს მან ბაიცის რაიონში უბნის გამოკვლევა გადაწყვიტა. მან, ფერმის მეპატრონისგან ნებართვა აიღო და მუშაობას შეუდგა. მალე, მან მიწაში რაღაც ოქროსფერი შენიშნა. ნივთი პატარა ბოთლის თავსახურს წააგავდა. ეს კელტური ოქროს მონეტა აღმოჩნდა. ჰერკტმა 10 ოქროს მონეტა დაითვალა, სპეციალისტებს დაუკავშირდა და საერთო ჯამში, მთელი განძი აღმოაჩინეს – 41 ეგზემპლარი.

მონეტებს ამობურცული ფორმა აქვთ და ამის გამო მათ “ცისარტყელას ფიალები” უწოდეს. ეს ფორმა კელტურ ლეგენდას უკავშირდება: ცისარტყელას ბოლოში ოქროთი სავსე ქოთნის პოვნა შეიძლება. კიდევ ერთი თქმულების თანახმად, “ცისარტყელას ფიალები” პირდაპირ ციდან ცვიოდნენ. ითვლებოდა, რომ ისინი იღბლის თილისმები იყო და მათ განკურნება შეეძლოთ. ექსპერტები თვლიან, რომ ამ მითების ავტორები გლეხები იყვნენ რომლებიც უძველეს ოქროს მონეტებს მინდვრებში, წვიმის შემდეგ პოულობდნენ.

სპეციალისტებმა მონეტების მოჭრის თარიღი დაადგინეს – ძვ.წ. 125-30, რკინის ხანის მიწურულს. ამ პერიოდის კელტური კულტურა გავრცელებული იყო ტერიტორიებზე, რომლებიც დღეს დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ბელგიას, შვეიცარიას, ავსტრიას, სამხრეთ გერმანიას და ჩეხეთს ეკუთვნის. გერმანიის სამხრეთში არქეოლოგებს უკვე აქვთ აღმოჩენილი “ცისარტყელას ფიალები”, მაგრამ ბრანდერბურგში კელტები არ ცხოვრობდნენ. ამიტომ, აღმოჩენა 2000 წლის წინანდელ სავაჭრო ქსელებზე მიუთითებს.

19 მონეტა 2 სანტიმეტრი დიამეტრის და 7,3 გრამი მასის სტატერებია, 22 კი – ტეტარტეა (1/4 სტატერი). როგორც ჩანს, მთელი განძი ერთდროულად არის დამალული. მაგრამ, მეცნიერებს აკვირვებთ ის ფაქტი, რომ გერმანიაში აღმოჩენილი სიდიდით მე-2 განძი, სწორედ ბრანდერბურგშია ნაპოვნი. აქ ნებისმიერი ოქროს განძი დიდი იშვიათობაა, განსაკუთრებით უნიკალური კი კელტური წარმოშობის ოქროა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*