მსოფლიოში ყველაზე ხანმოკლე ომი

ინგლის–ზანზიბარის 1896 წლის 27 აგვისტოს ომი 38 წუთს გაგრძელდა. ის გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა, როგორც ომების ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე.

ზანზიბარის მმართველი სულთანი ჰამად იბნ ტუვაინი 1896 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა. ზანზიბარი დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა და ლონდონი სულთნის ტახტზე ჰამუდ ბინ მუჰამედის კანდიდატურას უჭერდა მხარს. მოულოდნელი გადატრიალების შედეგად ტახტი დაიკავა გარდაცვლილის ბიძაშვილმა – ჰალიდ იბნ ბარგაშმა, რომელსაც გერმანია უმაგრებდა ზურგს. ბრიტანელებმა დაუყოვნებლივ, ულტიმატუმის სახით მოსთხოვეს მას გადადგომა, იარაღის დაყრა და დროშის დაშვება – 27 აგვისტოს დილის 9:00 საათამდე.

ბარგაშმა გადაწყვიტა ეომა. სულთნის სასახლის დასაცავად სასწრაფოდ 2800 მეომარი შეკრიბა, სარდაფიდან ბრინჯაოს ძველებური ზარბაზანი ამოატანინა, რომელიც ბოლოს 200 წლით ადრე გამოეყენებინათ. ზარბაზანი სასულთნოს ერთადერთ ხომალდ “გლაზგოზე” და უშიშრად გავიდნენ ზღვაში ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ხუთი ხომალდის წინააღმდეგ.

ულტიმატუმის დროის ამოწურვისთანავე მისი უდიდებულესობის გემებმა დედაქალაქ ზანზიბარის სანაპიროს ცეცხლი გაუხსნეს. “გლაზგომ” ხუთი წუთის შემდეგ უპასუხა და მყისვე მოექცა ორი სამხედრო ხომალდი ჯვარედინ ცეცხლში. ზანზიბარის გემი მანამდე ისროდა ბრინჯაოს ზარბაზნიდან, სანამ წყალქვეშ არ გაუჩინარდა… 14–წუთიანი მასირებული ცეცხლის შემდეგ მხოლოდ “გლაზგოს” ანძების წვერები ჩანდა წყლიდან, სანაპიროს დაცვითი ნაგებობები კი პრაქტიკულად განადგურდა.

თუმცა, სასახლის ფლაგშტოკზე ზანზიბარის დროშა ფრიალებდა და ფლოტმაც ჭურვების სროლა განაგრძო. კიდევ 15 წუთის შემდეგ სანაპირო ისევ დაიწვა და დაიბუგა, არც ერთი საპასუხო თოფის გასროლა აღარ ისმოდა. მალე ფლაგშტოკი განადგურდა, დროშაც აღარსად ჩანდა და ფლოტილიის სარდალმა, ადმირალმა როულინგზმა ცეცხლის შეწყვეტა ბრძანა, რადგან ეს კაპიტულაციად მიიჩნია. სულთანმა მომხრეებს ბრძოლის შეწყვეტა უბრძანა, თავად კი გერმანიის საკონსულოს სთხოვა თავშესაფარი.

მოკლედ, ბრძოლა სულ 38 წუთს გაგრძელდა და ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე ხანმოკლე ომი. ზანზიბარელთა მხრიდან დაიღუპა 570 ადამიანი, ინგლისელთა მხრიდან კი მხოლოდ ერთი მეზღვაური დაიჭრა. ომის შემდეგ ყოფილი სულთანი დარ–ეს–სალამში ცხოვრობდა, სადაც ის ბრიტანელებმა 1916 წელს დააკავეს. ჰალიდ იბნ ბარგაში მომბასაში გარდაიცვალა 1927 წელს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*