მუმიები უფრო ხანდაზმულები აღმოჩდნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა

ძველი ეგვიპტელების მიერ მუმიფიცირების პრაქტიკაზე ჩვენი წარმოდგენა ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა, თავდაყირა დააყენოს.

ახალი კვლევების მიხედვით, ძველმა ეგვიპტელებმა მუმიფიცირების რთული პროცესი მთელი 1000 წლით ადრე დაიწყეს, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

მაღალჩინოსანი დიდგვაროვანი ჰუვის სხეული 2019 წელს აღმოაჩინეს საკარაში. ის უფრო ძველი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. შესაძლოა, მუმია უძველესია აქამდე აღმოჩენილ მუმიებს შორის. ის ძველი სამეფოს პერიოდს (ძვ.წ. XXVIII-XXI სს.) მიეკუთვნება. ეს ადასტურებს, რომ ეგვიპტეში მუმიფიკაცია კარგად იყო განვითარებული უკვე 4000 წლის წინ.

აქამდე ითვლებოდა, რომ სხეულის კომპლექსური მუმიფიკაცია, რომელიც მაღალი ხარისხის ფისის და სელის წმინდა ქსოვილების გამოყენებას შეიცავს, ეგვიპტეში, დაახლოებით, 3000 წლის წინ დაიწყო.

წამყვანი ექსპერტის, სალიმ იკრამის თქმით, აქამდე ითვლებოდა, რომ ძველ სამეფოში მუმიფიკაცია უფრო პრიმიტიული იყო. ის ითვალისწინებდა სხეულის გამოშრობას (რაც ხშირად არ იყო წარმატებული), ტვინის გამოღებას და ძალიან იშვიათად – ორგანოების გამოღებას. ამასთან, სამარხების ინტერიერს დიდი ყურადღება არ ეთმობოდა. მაგრამ, ჰუვის შემთხვევა ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება: მისი მუმიფიკაცია ყველა იმ რთული წესით არის შესრულებული, რომლებიც 1000 წლის შემდეგ იყო დაკანონებული. ეს დღეისთვის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა.

სამარხში აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ძველი სამეფოს პერიოდით იყო დათარიღებული, მაგრამ სალიმ იკრამი ფიქრობდა, რომ მუმია უფრო მოგვიანებით იყო დამზადებული, იმდენად სრულყოფილად იყო ის შემონახული.

სამარხის წარწერებმა ეგვიპტოლოგებს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ მუმია ეკუთვნოდა დიდგვაროვან ეგვიპტელს და ის ძვ.წ. 2575-2150 წლების პერიოდში ცხოვრობდა. მისი სხეული მაღალი დონის მუმიფიკაციას ექვემდებარებოდა. გამოყენებული იყო მაღალი ხარისხის ფისი, ზეთები და სელის წმინდა ქსოვილი. ასეთი მაღალი ხარისხის ქსოვილი მხოლოდ 21-ე დინასტიის სამარხებშია აღმოჩენილი. ეს პერიოდი კი, ძველ სამეფოს 1000 წლით აშორებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*