მუხრან მაჭავარიანის პოეზიის 5 წუთი

ანდუყაფარო…

ანდუყაფარო,
ლიპარიტო, –
დარნო მთათანო,
ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო,
ბიჭო სესეო,
თოთიკაანთ ქალო მელანო,
ვაჟას არწივო,
შოთას ვეფხვო,
ტატოს მერანო;

ბზიფო,
ენგურო,
ალაზანო,
მტკვარო,
იორო,
აგერ, ახლახან გარდაცვლილო გალაკტიონო;
ქინძმარაულო,
ტიბაანო, –
ღვინოვ კახურო;
გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,
დიდო კოლხეთო,
დიდო ქართლო,
დიდო შამქორო, –
ვერ დამადუმონ,
ვერ დამძალონ –
თუნდა ჩამქოლონ…

ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს –
ფრთები მასხია თქვენგნით…
მხოლოდ თქვენგნით რამეთუ.

ახლაც დაყრილი (როგორც მაშინ) არის ფარ-ხმალი

ზღვრები როდესაც მორღვეული ჰქონდა ფანატიზმს,
იკლებდა ქალაქს მეწამული როცა პარადი,
ამაზრზენს ხდიდა ქუჩას როცა რეგვენთ ქიჩმაჩი, _
ძაღლის ღიმილით
ტრიბუნაზე
იდგა
ის
მაშინ.

ხდება რაიმე, არ გეგონოს ახლა ახალი! _
ახლაც დაყრილი (როგორც მაშინ) არის ფარ-ხმალი.

გოდება ცოტნესი (უკვე ღრმად მოხუცისა)

ეს რაო გვიყავ?! –
ე ვის ხელში ჩაგვყარე ზენავ?! –
გვრიტ არს ამათთან შედარებით თვით ყრუ მურვანი!
კაცი დავბერდი,
მე ამათი გავიგე ვერრა;
ჩვენი ამ რეგვენთ
არამარტო არ მოსწონთ ენა,
ასე განსაჯე,
გვიწუნებენ ზოგჯერ პურ – მარილს.
თავი თვითეულს ისე ყინჩად უჭირავს ჩვენში, –
თითქოს ის ჩვენთან კი არ იყოს,
ჩვენ ვიყოთ მასთან…
ასი წელია სულსა ღაფავს ქართლი მათ ხელში

და კიდევ ასე,
ღმერთმა იცის, – რამდენხანს გასტანს.

კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! –
სადაა?! – თუა?! –
ასე აბუჩად შეიძლება აგდება ერის?!
ბედი ქართლისა გადაწყვიტა ვინც ორწყალშუა,
ჩვენი უმტრესი ის გამოდგა დაბოლოს მტერი.

რაც მოვითმინეთ, მოთმინებად, მე მგონი, კმარა! –
დროა მივბაძოთ გმირთა ძველთა, –
კაცთა უწინდელთ!
ცოტნეს თავისი წელზე ერტყას დადიანს ხმალი
და საქართველოს, მამულს მისას, ასე უჭირდეს?!

კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! –
არადა როა!?
ვაი დედასა! – რა უბრალოდ წავაგეთ ჭკუა!
ვის შევეყარეთ! –
ეს ვინცხაა, მურვანზე ყრუა!
როგორც ვიყავით,
ვიმყოფებით კვლავ ორწყალშუა!

ემიგრანტს

უძირო ცაა,
მაგრამ ეს ცა არ არის ჩემი,
უზღვრო სივრცეა,
მაგრამ სივრცე არ არის ჩემი,
უსრულო გზაა,
მაგრამ ეს გზა არ არის ჩემი,
ხალხი მიმოდის,
მაგრამ ხალხი არ არის ჩემი,
ირგვლივ თოვლია,
მაგრამ თოვლიც არ არის ჩემი,
მაშ გეკითხები……
რა გაჩერებს ამ უცხოეთში?
სადაც ზეცა არ არის შენი,
სადაც სივრცე არ არის შენი,
სადაც გზები არ არის შენი,
სადაც ხალხი არ არის შენი.
სადაც თოვლიც არ არის შენი,
მაშ გეუბნები
დაუბრუნდი ისევ სამშობლოს!

ვითარცა მტკვარი

მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა,
და
დრო
გადიოდა.
ვითარცა ღვინო –
ქვევრიდან
ხაპში –
ხაპიდან –
დოქში –
დოქიდან
ჯამში –
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში…
გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა –
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი…
გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდდნენ
და…
მიუხედავად ამისა, მაინც –
გამოიარა
რუსთველის გული,
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული
და დღეს –
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
სულხანის ნაქონი სისხლით –
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და…
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!

XVIII საუკუნე

პატარა საქართველო ობოლი ბავშვივით
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა.

მიშველეთ, ბატონებო, მომხედეთ უდედმამოს –
სთხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.

-ლექსები იციო? – ჰკითხეს საქართველოს,
პატარა საქართველოს, პატარას, თვალცრემლიანს,

ვიციო – უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა,
პატარა საქართველოს პალე-როიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.

-ყოჩაღ, მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა,
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო…

ბოლოს როგორც იქნა რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო, ობოლი საქართველო

გაეპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო

ილია

ილია როცა განგმირეს,
ორგულთ ჩააბეს ფერხული,
სიცოცხლე ეუხერხულა,
ქართლის ვინც იყო ერთგული.

ილია როცა განგმირეს,
ციხის მოირღვა ქონგური,
წინამურს მოკვდა ხელახლა
უკლებლივ ყველა ლომგული,
სადმე, ოდესმე ვინც იყო
საქართველოსთვის მოკლული.

ილიას როცა ესროლეს,
ილიას მკვლელი მულიდი
(ვინც არც იცოდა, ვის ჰკლავდა)
ჩაფლავდა სწორედ ე, მაშინ! –
გულგანგმირული ილია, –
ეტლითურთ, წიწამურითურთ, –
წიწამურიდან პირდაპირ
შებრძანდა უკვდავებაში.

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!

მოსწავლეთა ზამთრის არდადეგებზე ბაკუარიანის პიონერთა ბანაკში მოვხვდი. იქ ვნახე ქართველი პიონერები, რომლებმაც სიტყვაც კი არ იცოდნენ ქართული.

ეს ჩემი ლექსი, ბავშვებო,
არც შემოდგომას ეხება,
არც სურათია ზამთრისა,
არც გაზაფხულის შექება.

ეს ლექსი გახლავთ აუგი –
მე გამოვდივარ ძაგებით
იმ თქვენი თანატოლების,
იმ თქვენი ამხანაგების,

საუბედუროდ, რომელნიც
ისე აღზრდილნი არიან,
ქართულად ხმას ვერ იღებენ,
რუსულად – გაგიხარია!

რუსულის ცოდნა, იცოცხლე,
სახარბიელო რამ არი,
მაგრამ ეს უნდა იცოდე –
მშობლიურია მთავარი.

ენა არ გაწყენს არც ერთი,
უნდა იცოდე რამდენიც;
ოღონდ არ უნდა დაჰკარგო
ქართული სიტყვის ნათელი!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

ვინც არც იცის და არც უნდა
იცოდეს ჩვენი წარსული;
ვინც ხმას ვერ იღებს ქართულად,
არც სხვისი ესმის ქართული.

განა იმისთვის იბრძოდნენ
წარსულში მამა-პაპანი –
დღეს შვილმა აღარ იცოდეს
სისხლით დაცული ანბანი?!

თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დაავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით,

შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა,
ვინ იყო შენი გამზრდელი,
შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი?!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

მითხარი, ცაო

მითხარი, ცაო, მითხარ, ზღვაო, მითხარით, ძმებო;
მითხარ, არწივო, მითხარ, მუხავ, მითხარი, შურთხო:
რაა საჭირო, – რა გზა უნდა გამოიძებნოს,
რომ საქართველომ თავისუფლად ამოისუნთქოს!
მის გულში გადის სამყაროსი უდრეკი ღერძი.
ის არასოდეს არ იკადრებს, რაც არ ეგების.
მას ალაზანი სახრესავით უჭირავს ხელში
და კავკასიონს აქლემივით მიერეკების.

ჩემი ეპიტაფია

წასაწერი საფლავის ქვის ორივე მხარეზე:
(ქვედაზეც, ზედაზეც, —
მკვდარმაც რომ წაიკითხოს და ცოცხალმაც)

შენი არ იყოს, — ჩემო ირაკლი! —
ვერ ვიდევგმირე! — ვერ ვიწინაპრე! —
ჭირმა ჩემმა და ჩემმა სილაღემ! —
მამულმა შენებრ შემიწირა მე.

1995 წ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*