ნაზარეთში იესოს სახლს მიაკვლიეს

ბრიტანელი და ებრაელი მეცნიერები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ნაზარეთში სწორედ იმ სახლის ნაშთებს მიაკვლიეს, სადაც მაცხოვარი გაიზარდა.

ვიდრე ამ დასკვანამდე მივიდოდნენ, სპეციალისტები სახლის ნანგრევებს ბრიტანელი არქეოლოგის, რედინგის უნივერსიტეტის პროფესორ კენ დარკის ხელმძღვანელობით, ცხრა წელიწადს სწავლობდნენ.

მეცნიერთა ვარაუდით, დიდია ალბათობა, რომ სახლი ქალწულ მარიამსა და დურგალ იოსებს ეკუთვნოდათ. ის ახლოსაა ადგილთან, სადაც, ბიბლიური თქმულების თანახმად, მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელ მარიამს ღვთის შვილის მოვლინება ახარა და სადაც ახლა ხარების წმინდა ტაძარია აღმართული.

მეცნიერები ნაგებობას I საუკუნის პირველი ნახევრით ათარიღებენ, როცა ნაზარეთში 50–მდე სახლი იდგა. კირქვიან ბორცვში გამოთლილი საცხოვრებელი რამდენიმე ოთახისაგან შედგება. შემორჩენილია ერთი კარიც. სახლის ორივე მხარეს თითო სამარხია. არქეოლოგებმა კირქვის საოჯახო ნივთებიც აღმოაჩინეს.

სახლი ნაზარეთის დედათა მონასტრის ძირში მდებარეობს. ის მონაზვნებმა ჯერ კიდევ 1880 წელს აღმოაჩინეს. 1936 წელს გათხრები მოინახულა იეზუიტმა სასულიერო პირმა – ანრი სენემ, რის შემდეგაც გამოაქვეყნა ფოტოები, მაგრამ მაშინ მის პუბლიკაციას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

სპეციალისტები სახლით კვლავ Sisters-of-Nazareth-tomb-Tombდაინტერესდნენ 2006 წლიდან. მონაზვნებმა კი მეცნიერებს სრული ინფორმაცია მიაწოდეს ადგილისა და აქ შესრულებული ჩანაწერების შესახებ.

არის კიდევ ერთი დეტალი, რაც მკვლევართა ვერსიას ამყარებს – სახლი ზუსტად ემთხვევა VIII საუკუნეში ბიზანტიელების მიერ აღწერილს. დასასრულ, სახლისა და სამარხების თავზე ეკლესიის ნანგრევებიც აღმოაჩინეს.

კირქვის ჭურჭელთან ერთად ნაპოვნია სამზარეულოს ქოთნები, თითისტარი. საყოფაცხოვრებო ნივთები მიუთითებს, რომ სახლში იუდეური ოჯახი ცხოვრობდა. არქეოლოგიური გათხრების დროს მიღებული ინფორმაცია, VIII საუკუნის პილიგრიმის ჩანაწერებსა და გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, დიდი ალბათობით მოწმობს, რომ სწორედ ამ სახლში გაატარა ბავშვობა იესომ.

მოკვლეული მასალებით კი დასტურდება, რომ ნაზარეთი სულაც არ იყო სოფელი. იგი პატარა ქალაქი იყო და მიმდებარე სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*