ნეანდერტალელების ქიმია

ნენადერტალელები ცეცხლის უფრო ადვილად დასანათებად მანგანუმის დიოქსიდს იყენებდნენ. მანგანუმის დიოქსიდი ბუნებაში ხშირად გვხვდება. შავი ფერის გამო მას, როგორც ბუნებრივ საღებავს, ხშირად იყენებდნენ ჯერ კიდევ ქვის ხანაში. სწორედ ამ ნივთიერების გამოყენებით დამზადებული საღებავით მოხატეს საფრანგეთში მდებარე ლასკოს ცნობილი გამოქვაბული უძველესმა ადამიანებმა. თუმცა, როგორც ირკვევა, ნენადერტალელებმა სამხრეთ–დასავლეთ საფრანგეთიდან, კერძოდ, პიჩ დე ლაზეს ხეობიდან, ამ ქიმიურ ნაერთს 50 ათასი წლის წინ სხვა დანიშნულებაც მოუძებნეს.

გათხრებისას ნეანდერტალელების გამოქვაბულში დიდი რაოდენობით პატარა “შავი ქვები”, ანუ მანგანუმის დიოქსიდის ნატეხები აღმოაჩინეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათ კანის მოსახატად იყენებდნენ, თუმცა, ნიდერლანდელი მეცნიერები უკვე დარწმუნებულები არიან, რომ “შავ ქვებს” სხვა დანიშნულება ჰქონდათ – ცეცხლის დანთების პროცესის გამარტივება.

ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ეს ნაერთი, ფხვნილად ქცეული, ხელს უწყობს ხის უფრო სწრაფად აალებას და საკმაოდ ამარტივებს ცეცხლის მოპოვების პროცესს. ამას მოწმობს ის, რომ მანგანუმის დიოქსიდის ნატეხებს, ანუ “შავ ქვებს” ხშირად პოულობენ კოცონის კერის შორიახლოს და მათ უმეტესობას აშკარად ემჩნევა, რომ ფხვნილის მისაღებად ხეხავდნენ.

მკვლევართა განცხადებით, უპირატესობა, რომელსაც “შავი ქვები” ცეცხლის მოპოვების მსურველებს ანიჭებდა, ნამდვილად ღირდა ამ ენერგიად, რომელიც მათ მოპოვებაზე იხარჯებოდა. მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ მანგანუმის დიოქსიდი თავისით არც იწვის და არც ალდება. ამდენად, ცეცხლის მოპოვების პროცესის გამარტივებისთვის მისი გამოყენება ნენადერტალელებზე “კლასიკურ” წარმოდგენებს ამსხვრევს.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*