ნეკროპოლი ლიკიელი მდიდრებისთვის

თურქეთის ანტალიის პროვინციაში, ქალაქ დემრესთან ორ კილომეტრში, შესანიშნავად არის შემონახული კლდეზე აგებული ანტიკური ნეკროპოლი. მის ძირში ელინური თეატრის ამფითეატრია. ნეკროპოლი ააგეს მცირე აზიის უძველესი ქვეყნის – ლიკიის მცხოვრებლებმა ქალაქ მირადან. მისი ნანგრევები დემრეს გარშემოა შემორჩენილი. მირა ასევე ცნობილია როგორც ქალაქი, სადაც ცხოვრობდა და ქადაგებდა წმინდა ნიკოლოზი. მისი სარკოფაგი აქაურ წმინდა ნიკოლოზის ქრისტიანულ ტაძარში დგას (ძვლები იტალიელებმა ბარიში დაასვენეს).

მირაში მთის ფერდობზე ადამიანთა დაკრძალვა ძვ. წ. IV საუკუნეში დაიწყეს. კლდეში ნეკროპოლის გამოკვეთა დიდ შრომასა და ხარჯს მოითხოვდა, ამიტომ აქ მხოლოდ შეძლებულ და გავლენიან მოქალაქეებს კრძალავდნენ. თითქმის ყველა სამარხში ორი სათავსია და ერთ–ერთში სარკოფაგია მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ ყველა სამარხი ერთმანეთს კიბით უკავშირდება.

ლიკიელთა რწმენით, სიკვდილის შემდეგ ადამიანები ფრთოსან არსებებად გადაიქცეოდნენ და რაც უფრო მაღლა იქნებოდა სამარე, მით უფრო სწრაფად მოახერხებდა გარდაცვლილის სული ზეცაში მოხვედრას. სწორედ ამიტომ აგებდნენ აკროპოლს მაღალ კლდეზე. კლდეში კვეთდნენ და რამე სხვა სამშენებლო მასალას არ იყენებდნენ. სარკოფაგებს სახლებს ან ელინური ტაძრების ფასადებს ამსგავსებდნენ თავისი პილონებით, კოლონებით, ნაკვეთი კარით, დაქანებული სახურავითა თუ რელიეფური გამოსახულებებით.

VIII საუკუნეში მომხდარი დიდი წყალდიდობის დროს მდინარე მიროსმა ქალაქი შლამით აავსო და ადგილობრივი მკვიდრნი იძულებული გახდნენ, საცხოვრებლები იქ გადაეტანათ, სადაც დღევანდელი ქალაქი დემრეა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*