ნიახურას ომი

საქართველოში ვითარება თანდათან მძიმდებოდა. ცენტრალური ხელისუფლების უნიათობის გამო, ბატონები თვითონ სამფლობელოებში განუკითხავად იქცეოდნენ. თავის ქვეშევრდომ თავადაზნაურობას ავიწროებდნენ, მამულებს სტაცებდნენ და სხვა. თავადაზნაურობა დანაკლისს გლეხობის ხარჯზე ივსებდა, ამის გამო სოციალური ბრძოლა გახშირდა და გამრავალფეროვნდა: ამბოხება, აყრა, გადაკარგვა და ა. შ. ქვეყანა მშრომელი მოსახლეობისაგან თანდათან იცლებოდა.

შექმნილი ვითარებით სარგებლობდნენ ლეკები და თავის შემოსევებს ახშირებდნენ და ამწვავებდნენ.

ასეთ ვითარებაში ცნობილი გახდა, რომ სპარსელები ალექსანდრე ბატონიშვილის და მისი მომხრე თავადების ხელშეწყობით საქართველოზე თავდასხმას და აქედან რუსების გაყრას აპირებდნენ.

რუსეთის ჯარის აქტიურმა მოძრაობამ და თავისი მდგომარეობის სისუსტემ ბაბა ხანს რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის სურვილი გაუნელა და მისია მან ავარიის ომარ ხანს მიანდო, რომელსაც საქართველოს განადგურების სურვილი ჯერ კიდევ შემორჩენოდა.

download

ალექსანდრე I

რუსები მათ შესახვედრად ენერგიულად ემზადებოდნენ. ახლა ისინი საქართველოს, როგორც თავის საკუთრებას, ისე აღიქვამდნენ. 1800 წლის 23 სექტემბერს თბილისში დამატებითი პოლკი შემოვიდა გენერალ გულიაკოვის მეთაურობით. ომარ ხანი არაფერს ეპუებოდა. მალე იგი ალაზანს მოადგა, სადაც ალექსანდრე ბატონიშვილიც შეუერთდა. სავარაუდოა, რომ მათ, პირველი წარმატების შემთხვევაში, ბანაკად მდგარი ბაბა ხანის მიემატებოდა.

რუსთა ლაშქარი 3 000–ს ითვლიდა აქედან 1 000 რუსი იყო, დანარჩენი ქართველი. მათ ლაზარევი და იოანე ბატონიშვილი მეთაურობდნენ.

ომარ ხანის ლაშქრის შემადგენლობაზე სხვადასხვა ცნობაა: 10, 15, 17 და მეტი ათასიც კი. ომარ ხანის რაზმებმა ალაზანი გადალახეს, ერთხანს ყარაღაჯში შეჩერდნენ, სადაც იულონ და ვახტანგ ბატონიშვილები შეუერთდნენ.

რუს–ქართველთა ლაშქარი მტერს უკან დაედევნა, კაკაბეთთან დაეწია, სადაც ნიახურას ველზე გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომელმაც 3 საათს გასტანა და ლეკების (ომარ ხანის) სრული მარცხით დამთავრდა. ომარ ხანი დაღესტანში დაბრუნდა, სადაც საქართველოს ამ მოსისხლე მტერმა 1801 წლის მარტში სული განუტევა.

საქართველოს საბოლოო შეერთების საკითხი რუსებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, მაგრამ, მსოფლიოს მოსატყუებლად, ეს საქმე გიორგი XII–ის სიცოცხლეში, მისი თხოვნის საფუძველზე სურდათ განეხორციელებინათ. ქართველთა სიჯიუტისა და სხვადასხვა მისწრაფებების გამო ეს საქმე გაჭიანურდა. გიორგის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ამ დროს კნორინგმა, საქართველოში რუსეთის ჯარების მთავარსარდალმა, მიიღო ბრძანება, რომ მეფის სიკვდილის შემთხვევაში დავითის ტახტზე ასვლა არ დაეშვა. ბატონიშვილები და საერთოდ ერეკლეს ანდერძის მომხრეები ამ ბრძანებამ გაახარა, მასში თავისი ინტერესების აღსრულება დაინახეს.

1800 წლის 22 დეკემბერს პეტერბურგში შეკრებილმა სახელმწიფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ.

იანვარში ქართველი ელჩები თბილისში ჩამოვიდნენ. მათი ჩამოსვლისთანავე, პეტერბურგში მიღებული მითითების შესაბამისად, იმართებოდა ყველა წოდებისა და ფენის წარმომადგენელთა შეკრებები, რუსეთთან შეერთების მხარდასაჭერად. რუსეთისადმი ოპოზიციურმა ძალებმა არათუ თვითონ არ მიიღეს ამ შეკრებებში მონაწილეობა, არამედ ეს თავის მომხრეებსაც აუკრძალეს. ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ იმუშავა, რადგან ქვორუმის პრობლემა იქ არ იდგა და შეკრების მონაწილეებმა რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღეს. მათ პეტერბურგში უნდა გაეგზავნათ თავისი წარმომადგენლები ავალიშვილი და ფალავანდიშვილი და რუსეთთან შეერთების ერთსულოვანი სურვილი დაეფიქსირებინათ. პავლე I გულმოდგინედ ემზადებოდა დეპუტატების მისაღებად. მას სურდა, ეს სპექტაკლი განსაკუთრებული პომპეზურობით მოეწყო და სამყაროსთვის საქართველოს შეერთების “ნებაყოფლობითობა” ეჩვენებინა. მაგრამ უფალმა მას ასეთი სიამოვნება არ მიანიჭა: შეთქმულებმა იგი მანამდე გამოასალმეს სიცოცხლეს, ვიდრე ელჩები მასთან ჩააღწევდნენ.

რუსული ბიუროკრატია დროს არ კარგავდა: სენატმა, 1801 წლის მარტის გადაწყვეტილებით, საქართველო გუბერნიად გამოაცხადა და ასე შეიყვანა შემადგენლობაში.

იმპერიას უკვე ახალი იმპერატორი, ალექსანდრე I განაგებდა.

საქართველოს საკითხი იყო ერთ–ერთი პირველი დიდი გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო. საქართველოს მას რუსეთთან შეერთებული დახვდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას არავითარი ოფიციალური დოკუმენტი არ ამაგრებდა. 11 და 15 აპრილს შეიკრიბა ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფო საბჭო.

უჯარმის_მოურაობის_წყალობის_წიგნი_მიცემული_მეფე_გიორგი_XII-ის_მიერ

გიორგი XII–ის სამეფო ქარტია

ახალმა იმპერატორმა არცერთი გადაწყვეტილება არ მოიწონა, ბრძანა, რომ სახელმწიფო საბჭოს დაევალებინა კნორინგისათვის, რათა ადგილზე შეესწავლა: 1. შეუძლია თუ არა საქართველოს სამეფოს იყოს დამოუკიდებელი, თავისი ძალებით დაუპირისპირდეს მტრებს და არეულობებს და 2. თხოვნა შეერთების შესახებ მართლაც მთელი ხალხის სურვილს ემყარებოდა თუ არა.

აქაც, როგორც ყოველთვის, თავი იჩინა არალოგიკურობამ, რომელიც საბჭოს ცალმხრივობას მიუთითებს – არაფერია ნათქვამი, თუ რა ქვეშევრდომობაზეა საუბარი, განა ყველას ქვეშევრდომობა შეერთებას, სახელმწიფოს გაუქმებას გულისხმობს? ამასთან ერთად, რამდენად ობიექტური იქნებოდა დასკვნა პიროვნებისა, რომელიც ამ მხარის მთავარსარდლად მოიაზრებოდა? ან შეიძლებოდა კი ხალხის განწყობის გარკვევა ორ დღეში?

მთავარი კი ის იყო, რომ გაეხსენებინათ 1783 წლის ხელშეკრულების წინა პერიოდი, როცა რუსეთი დახმარებას და ყოველგვარ სიკეთეს სთავაზობდა საქართველოს მაშინ, როცა იგი იმ დახმარებას დიდად არც საჭიროებდა და არც ითხოვდა (ჩვენ ვიცით, რომ მაშინ შესაბამისი თხოვნის შედგენა ერეკლეს სხვადასხვა ზეწოლით აიძულეს). ახლა კი, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის და საქართველოს განადგურებაში საგულისხმო მონაწილეობის შემდეგ, საკითხის დასმა იმის შესახებ, “შეუძლია თუ არა საქართველოს დამოუკიდებლად იარსებოს”, მხოლოდ ცინიზმად უნდა შეფასდეს.

საკითხის განხილვის მთელ პერიოდში ქართული დელეგაცია ცდილობდა მისი აზრი მოესმინათ, რომ საქართველო მიეღოთ ნებაყოფლობით ქვეშევრდომობაში, მისთვის დაენიშნათ მეფე, რომელიც საქართველოში იმპერატორის ნაცვალი იქნებოდა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები მისი მონაწილეობით განეხილათ, მაგრამ უშედეგოდ. მათი აზრი არავის აინტერესებდა.

1801 წლის 12 სექტემბერს მოსკოვში გამოქვეყნდა ალექსანდრე I-ის მანიფესტი საქართველოს შეერთების შესახებ.

შვიდი თვის შემდეგ, 1802 წლის 12 აპრილს, ეს მანიფესტი თბილისში, რუსული ჯარებით გარშემორტყმულ სიონის საკათედრო ტაძარში წაიკითხეს. ხალხით გაჭედილ ტაძარში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, ბევრმა ხმალზეც კი შეივლო ხელი, მაგრამ ეს ავტომატური მოძრაობა იყო. ამას ტაძარში მყოფი ბატონიშვილების, კათალიკოსის და დიდებულების დაფიცება მოჰყვა. გაოგნებული ხალხი ხმის ამოუღებლად დაიშალა.

საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო.

Leave a comment

Your email address will not be published.


*