ნოტრ-დამის საიდუმლოებებს ფერფლიდან “აღადგენენ”

შარშანდელი 15 აპრილის ხანძარი, როცა დაიწვა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი, ჩამაიქცა შპილი და ნაწილობრივ თაღოვანი ჭერიც ჩამოინგრა, საფრანგეთში ეროვნულ ტრაგედიად არის გამოცხადებული. ფრანგული სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია CNRS-ის მეცნიერები 850-წლიანი ნაგებობის შიდა ნაწილების კვლევას იწყებენ, რათა მეტი შეიტყონ, თუ როგორ აშენებდნენ მასონები (ქვისმთლელები) შუა საუკუნეებში. ისინი იმედოვნებენ, რომ მასალების, ხისა და ლითონის კონსტრუქციების შესწავლა დახმარებას გაუწევს რესტავრატორებსაც, რომლებიც მუშაობას მომავალში შეუდგებიან.

ბორდო-მონტენის უნივერსიტეტის გოტიკური არქიტექტურის ისტორიკოსის, დოქტორ ივ გალეს თქმით, ეს იქნება “ახალი ფურცელი ნოტრ-დამის ისტორიაში”, რომელშიც ჯერაც ბევრი გაურკვევლობა და “თეთრი ლაქაა”. მეცნიერები შეისწავლიან ხანძრისგან დაქცეულ ქვის კედლებს, დამწვარ მორებსა და კოჭებს, ცეცხლით დაზიანებულ ლითონის ისტორიულ არტეფაქტებს. CNRS-ის პროექტი ითვალისწინებს 100-მდე მეცნიერისა და 25 ლაბორატორიის მონაწილეობას და 6 წელიწადს გაგრძელდება. შესწავლის მიმართულებებია: ქვის წყობა, ხის მასალები, ლითონკონსტრუქციები, მინა, აკუსტიკა და სხვ. ისტორიკოსი “დეტექტივ-კრიმინალისტები” შეისწავლიან დუღაბს კედლებსა და სხვადსხვა საყრდენ კონსტრუქციაში და დაადგენენ მათი წარმოშობის ადგილებს, იმასაც კი, რომელი კარიერებიდან იყო მოპოვებული.

ცალკე მიმართულება იქნება ქვის წყობაში რადიოლოკატორით კონსტრუქციების იმ სუსტი უბნების გამოვლენა, რაც დიდმა ხანძარმა გამოიწვია, რადგან შპილის აღდგენისას ამას დიდი მნიშვნელობა ექნება.

დამწვარი ტაძრის ლითონის ნაწილებს პარიზის უნივერსიტეტში შეისწავლიან და დაადგენენ საუკუნეთა განმავლობაში ტაძრებში რკინის, ტყვიისა თუ სპილენძის გამოყენებისას მომხდარ ცვლილებებს. სახურავის დამდნარი ტყვიის ანალიზით ასევე დადგინდება, რომელი საბადოებიდან იყო მოპოვებული.

50 მეცნიერისგან შემდგარი სხვა გუნდი, ეროვნული მუზეუმის არქიტექტორ ალექს დიუფრაისის ხელმძღვანელობით, ცალკე შეისწავლის ნოტრ-დამის განთქმული ხის წყობის თავისებურებებს, განსაკუთრებით შენობის სახურავზე, სადაც ძირითადად მუხაა გამოყენებული; ასევე დურგლების ძველი ინსტრუმენტების საიდუმლოებებსა და ხეზე მუშაობის ტექნიკას. შესასწავლი ფერფლისა და ავლის ნიმუშებს დრონებითა და რობოტების გამოყენებით აიღებენ…

მეცნიერთა მიერ ნოტრ-დამის შესწავლის შედეგები ბოლო ციფრული დოკუმენტაციით ჩაიწერება არქიტექტურის ციფრული კარტოგრაფირების სპეციალისტ ლივიო დე ლუკას მიერ, რაც ხელს შეუწყობს ტაძრის სრულყოფილ რესტავრაციას.

Leave a comment

Your email address will not be published.


*