ობობების შიში ჩვენს გენებშია ჩადებული

კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში ობობები იმდენად დიდ საშიშროებას წარომადგენენ, რომ არაქნაფობია ჩვენს დნმ–შია აღბეჭდილი.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ნიუ–იორკში ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 250 ადამიანმა. მათ შესთავაზეს კომპიუტერში იმ საგნების და არსებების მიახლოებითი კონტურების აბსტრაქტული გამოსახულებები, რომლებიც ადამიანების უმრავლესობაში ბუნებრივ შიშს იწვევენ. მკვლევარებს აინტერესებდათ, რამდენად სწრაფად ამოიცნობდნენ ადამიანები ამ საგნებს და არსებებს.

აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ყველამ მომენტალურად, რამდენიმე წამში ობობები ამოიცნეს. მაშინ, როცა სხვა საგნების ამოსაცნობად გაცილებით მეტი დრო დასჭირდათ.

ზოგიერთი სახეობის, მაგალითად, ექვსთვალა ქვიშის ობობას ნაკბენი ეხლაც კი შეიძლება კიდურის დაკარგვით ან სულაც სიკვდილით დამთავრდეს.

კვლევის ავტორების აზრით, ეს ფენომენი იმას მოწმობს, რომ არაქნაფობია (ობობების შიში) ადამიანის გენებში რამდენიმე მილიონი წლის წინ ჩაიდო.

ჩვენი შორეული წინაპრებისთვის აფრიკაში, ობობები დიდ საშიშროებას წარმოადგენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი სახეობის ნაკბენისგან სიკვდილი მაშინვე არ დგება, მათ შხამს შეუძლია ადამიანის პარალიზება რამდენიმე დღით ან კვირითაც კი. პირველყოფილ სამყაროში ეს გარდაუვალ მტანჯველ სიკვდილს ნიშნავდა.

პლიმუთის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ჯონ მეიმ ამ ექსპერიმენტს საინტერესო კომენტარი გაუკეთა: მისი აზრით ობობების გარეგნობა ძლიერად მოქმედებს ადამიანის ტვინის შიშის ზონებზე. მათი მუქი შეფერილობა, არაბუნებრივად მოღუნული ფეხები, რაც მთავარია, სწრაფი ქაოტური გადაადგილება, ადამიანში მომენტალურად უკონტროლო შიშის და საფრთხის შეგრძნებას იწვევს. მაშინ როცა სიმპათიური მწერები: ფერადოვანი პეპლები, ჭიამაიები პირიქით, გვამშვიდებენ.

ობობები ადამიანებს გულგრილებს არ ტოვებენ. ზოგს მათი ეშინია და გაურბიან, ზოგიერთი პირიქით – ეძებს მათ.

მომზადებულია National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*