ორი გერმანელი ჯარისკაცი და ჯორი აირწინაღით

პირველ მსოფლიო ომში, საბრძოლო მოქმედებისას არაერთ ცხოველსა თუ ფრინველს იყენებდნენ. მათ შორის, ცხენებს, სახედრებს, ჯორებს, ძაღლებსა და მტრედებს. მომწამვლელი აირისგან დაცვას ისინიც საჭიროებდნენ. ცხენს მომწამვლელი აირისგან სპეციალური აირწინაღი იცავდა, ოღონდ მხოლოდ სასუნთქ ორგანოებს, თვალები კი დაუცველი რჩებოდა.

მეომარ მხარეებს მრავალრიცხოვანი კავალერია ჰყავდათ. ფრონტის ხაზზე გადასროლილი მილიონამდე ბრიტანული ცხენიდან შინ მხოლოდ 62 ათასი დაბრუნდა. ეს დიდი ომის მივიწყებული ტრაგედიაა – კონფლიქტის, რომლის დროსაც ცეცხლის ხაზზე ადამიანებთან ერთად აურაცხელი ცხოველი დაიღუპა. წლების განმავლობაში ცოტამ თუ იცოდა იმ აუწერელი ტანჯვის შესახებ, რომელიც არხის გავლით დასავლეთის ფრონტზე გადასროლილმა ცხოველებმა გამოიარეს.

1914 წლიდან მრავალრიცხოვანი კავალერია, რომლის რიგში აქლემებიც იყვნენ, მრავალ სხვადასხვა სამხედრო კამპანიაში მონაწილეობდა, მაგრამ დასავლეთის ფრონტზე ახალი ტიპის იარაღის, მათ შორის, ტყვიამფრქვევის გამოჩენამ, კავალერიის ამოცანები შეუსრულებელი გახადა. თუმცა ცხოველები საომარ მოქმედებებში მაინც ძალიან გამოსადეგი იყვნენ – ცხენები, ვირები, ჯორები და აქლემები მებრძოლებისთვის ფრონტზე ეზიდებოდნენ საკვებს, წყალს, საბრძოლო მასალებსა და მედიკამენტებს. ძაღლებსა და მტრედებს მიჰქონდათ შეტყობინებები. იადონებს იყენებდნენ მომწამვლელი გაზის აღმოსაჩენად, კატებსა და ძაღლებს კი სანგრებში – ვირთხებზე სანადიროდ…

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*