ორმაგ ვარსკვლავურ სისტემაში ყველაზე სწრაფად მბრუნავი თეთრი ჯუჯა აღმოაჩინეს

ყველაფერთან ერთად ის ვამპირიც არის.

თეთრი ჯუჯები სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ობიექტები არიან. ეს მზისმაგვარი ვარსკვლავების ნარჩენები ტრილიონობით წელს არსებობენ ეგზოტიკური კვანტური ფიზიკის წყალობით. ცოტა ხნის წინ ასტრონომებმა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური თეთრი ჯუჯა აღმოაჩინეს: მკვდარი ვარსკვლავი, რომელიც წარმოუდგენლად სწრაფად ბრუნავს და ამავე დროს, მეზობელი ვარსკვლავის მატერიას ისრუტავს.

თეთრი ჯუჯები მზისმაგვარი ვარსკვლავებისგან წარმოიქმნებიან, რომელთა მასა საკმარისი არ არის შავ ხვრელად ან ნეიტრონულ ვარსკვლავად გარდასაქმნელად. ბუნებით ისინი ნახშირბადისა და ჟანგბადისგან შემდგარ ვარსკვლავის ბირთვს წარმოადგენენ. მათი ზომა დედამიწისას არ აღემატება.

უზარმაზარი სიმკვრივის გამო თეთრ ჯუჯებში ატომების გარსი ირღვევა შინაგანი ზეწოლის ძალით და ნივთიერება ელექტრონულ-ბირთვულ პლაზმად გარდაიქმნება. ელექტრონული ნაწილის ქცევა ლითონებში ელექტრონების ქცევის ანალოგიურია.

სერჟიპის ფედერალური უნივერსიტეტის ასტრონომებმა სისტემაზე CTCV J2056-3014 დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნეს. ეს სისტემა მზიდან 853 სინათლის წლით არის დაშორებული. ამ სისტემის უნიკალური თვისება თეთრი ჯუჯას ბრუნვის სიჩქარე აღმოაჩნდა. სიჩქარეს გამოსხივების პულსირებით ადგენენ – ის თავისი ღერძის გარშემო ბრუნვას 29,6 წამს ანდომებს. ეს დღეისთვის ნამდვილი რეკორდია თეთრ ჯუჯებს შორის.

კიდევ ერთი უცნაურობა: ამ სისტემაში კომპანიონი ვარსკვლავი აკრეციულ დისკს წარმოქმნის თეთრი ჯუჯას ირგვლივ, მაგრამ ის მის ზედაპირს აქტიურად ვერ აღწევს. მკვლევარების თქმით, ეს ჯუჯა ყოველწლიურად დედამიწის ატმოსფეროს ექვივალენტს “ისრუტავს”. ეს ასეთი სისტემებისთვის არც ისე ბევრია.

ასტრონომები თეთრი ჯუჯას ბრუნვის სიჩქარის ახსნას ცდილობენ. შესაძლოა ეს მაგნიტური ველის სწორი კონფიგურაციის შედეგი იყოს. თეთრი ჯუჯა ამ ველის დახმარებით თავის ზედაპირისკენ მატერიას იზიდავს და ამით თავის სიჩქარეს ზრდის.

ასტრონომები ვარაუდობენ, რომ CTCV J2056-3014-ის მსგავსი სისტემები შესაძლოა მრავლად არიან, მათი აღმოჩენა კი ტელესკოპმა eROSITA-მ უნდა შეძლოს, რომელიც რუსულ-გერმანულ კოსმოსურ ობსერვატორია “სპექტრ-რგ”-ზეა დაყენებული.

Leave a comment

Your email address will not be published.


*