ოსმალთა ძალაუფლების გაძლიერება

დასავლეთ საქართველოს სამეფო–სამთავროები მოხარკეები და სულთნის ვასალები გახდნენ. თუმცა საშინაო საქმეებში დამოუკიდებელნი იყვნენ. ზოგჯერ კი საგარეო საქმეებსაც ოსმალეთის გარეშე აგვარებდნენ.

XVII საუკუნის პირველ მესამედში სამცხის სამთავროები ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდნენ. ერან–ოსმალთა ომის პირობებში მანუჩარ II–ის ქვრივმა, ელენე დედოფალმა და მისმა ძემ, მანუჩარ III–მ ქართლისა და ერანის ჯარის დახმარებით მოახერხეს ახალციხის განთავისუფლება, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იგი ისევ დაკარგეს.

მარაბდის ბრძოლაში მონაწილეობისთვის, სადაც იგი ერანის ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა, ოსმალებმა მანუჩარს ეს საქმიანობა დაუფასეს და სამცხის მთავრობა ქრისტიანობის შენარჩუნებით დაუმტკიცეს, მაგრამ სტამბოლიდან დაბრუნებული მანუჩარი ბიძამ მოწამლა და 1628 წელს თავი ახალციხის ფაშად გამოაცხადა, საფარ ფაშას სახელით.

ასე დამკვიდრდნენ ახალციხის ფაშებად გამაჰმადიანებული ჯაყელები.

1657 წელს ლევან დადიანი უეცრად გარდაიცვალა. იგი იყო წინააღმდეგობრივი პიროვნება და ეგოისტი ადამიანი, რომლისთვისაც არ არსებობდა საერთო ეროვნული ინტერესები. მისმა სიკვდილმა ხელები გაუხსნა ალექსანდრე იმერთა მეფეს. იგი ოდიშში შეიჭრა, სამთავრო ტახტზე თავისი პროტეჟე ვამეყ ლიპარტელიანი დააბრუნა, გურიელად კი ქაიხოსროს ნაცვლად დიმიტრი სიმონის ძე დასვა, რითაც დასავლეთ საქართველოში იმერთა მეფის ჰეგემონია აღადგინა, მაგრამ 1660 წელს ალექსანდრე მეფე გარდაიცვალა და იმერეთი კვლავ შინაომებმა მოიცვა.

 

ვახტანგ V–ის ძალისხმევით (რომელიც საქართველოს გაერთიანების საკითხის გადაწყვეტას ცდილობდა), იმერეთის ტახტი მისმა ვაჟმა არჩილმა დაიკავა. მაგრამ სამეფოში მის გარშემო არაჯანსაღი ვითარება შეიქმნა. შინაფეოდალებისა და ოსმალეთის ერთობლივი მოქმედებით, მისი მეფობა დიდხანს არ გაგრძელებულა. იმდროინდელი იმერეთის (და საერთოდ საქართველოს) ვითარებისთვის დამახასიათებელია, რომ ამის შემდეგ არჩილი იმერეთში კიდევ ოთხჯერ გამეფდა: 1678–1679; 1690–1691; 1695–1696 და 1698 წლებში, მაგრამ ვერც ერთხელ ფეხი ვერ მოიკიდა და ტახტიდან გადააყენეს. არჩილის (თუ ვახტანგ V–ის) ცდები განწირული იყო: იგი უწესრიგობის ქაოსში წესრიგის დამყარებას უშედეგოდ ცდილობდა. ტახტისათვის პერმანენტულმა ბრძოლებმა და ფეოდალთა შინაომებმა ქვეყანა გააჩანაგა; შემცირდა მოსახლეობა, დაეცა საქალაქო ცხოვრება, განადგურდა სოფლის მეურნეობა, შეირყა ქრისტიანული სარწმუნოება.

Archil_of_Imereti

არჩილ II

ყველაზე დიდი უბედურება მაინც “ტყვეთა სყიდვის” ბარბაროსული პროცესის არნახული აყვავება იყო.

ყოველივე ამან კი ქვეყანაზე ოსმალთა ძლიერი ბატონობა განაპირობა.

რაც შეეხება სამცხე–საათაბაგოს, აქ 1628 წლიდან ოსმალებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი, რასაც, ყველა სხვა უბედურებასთან ერთად, ქრისტიანობის სასტიკი შევიწროვება მოჰყვა.

XVII საუკუნეში საქართველოს მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა. შაჰ აბასის შემოსევებს, “ტყვის სყიდვის” გაბატონებას, შინა ომებს, სამცხე–საათაბაგოს გამუსულმანებაც დაერთო.

მიუხედავად ყველა ამ უბედურებისა, ხალხი მაინც არ ტყდებოდა და ფიზიკური არსებობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებას თავდადებით ცდილობდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*