ოსმალობა აღმოსავლეთ საქართველოში

 

კასპიისპირეთში რუსეთის წინსვლის შეჩერების შემდეგ ირანის მიერ 1723 წელს ქართლ–კახეთის მმართველად დანიშნულმა კონსტანტინემ (მაჰმად ყული ხანმა) ლეკთაგან დარბეული საქართველოს დედაქალაქის კლიტეები უომრად ოსმალებს გადასცა. ქალაქის გამგებლობა არზრუმის სერასკირმა იბრეიმ ფაშამ ჩაიგდო ხელში. მან დაკისრებული მოვალეობის შესრულება ვერ შეძლო, რისთვისაც შეცვალეს და სერასკირად ყარსის მუსტაფა ფაშა დანიშნეს. უკანასკნელმა ქართლის გამგებლობა ვახტანგის ნახევარ ძმას იესეს ჩააბარა, რომელიც ახლა სუნიტი გამხდარიყო. მისი გარდაცვალების შემდეგ (1727 წ.) დამპყრობლებმა ქართლში მეფობა საერთოდ გააუქმეს, ქვეყანა 6 დიდ ფეოდალს შორის გაანაწილა, რომელთაც ახალციხის (ჩილდირის) ფაშა ხელმძღვანელობდა.

კონსტანტინემ კვლავ კახეთს მიაშურა. ოსმალთა ბატონობაში აქ მან ექვსი წელი იმეფა. ეს იყო მეტად მშფოთვარე და უბედური წლები მისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

Konstantin-ii-1722-1732_(1)

კონსტანტინე II (მაჰმად ყული ხანი).

ოსმალებს არც კახეთის დათმობა ემეტებოდათ და ვერც კონსტანტინეს (მაჰმად ყული ხანს) ეწყობოდნენ, ამიტომ ვერაგული გეგმა ჩაიფიქრეს: იგი ვითომ კახეთში გამეფების შესახებ სულთნის ბრძანების გადაცემის თაობაზე თავისთან დაიბარეს. კონსტანტინე ოსმალებს არ ენდობოდა, მაგრამ ალავერდელი ეპისკოპოსის ჩაგონებით მაინც გამოცხადდა ფაშასთან. იგი პატივით მიიღეს, ხოლო როცა ნადიმის შემდეგ გალაღებული ცხენზე ჯდებოდა, მიპარვით ზურგში ხანჯალი ჩასცეს და იქვე გაათავეს. შემდეგ მის თანმხლებ ქართველებს დაერივნენ და ერთიანად გაჟლიტეს. მათ შორის იყო თურქებთან გამოცხადების მრჩეველი ალავერდელი ეპისკოპოსიც.

აღმოსავლეთ საქართველოში დამყარებული ოსმალობა ძნელი ასატანი აღმოჩნდა. ახალი დამპყრობელი ახალი ენერგიით, თავხედობით და სისასტიკით შეუდგა ქვეყნის ძარცვა–აოხრებას. ქვეყანაში არ დარჩენილა არც ერთი კლასი თუ ფენა, რომელსაც მტკივნეულად არ განეცადა ახალი ხელისუფლების უღელი. სისასტიკეს და აბუჩად აგდებას თვით დიდებული თავადებიც ვერ აღწევდნენ თავს. განსაკუთრებული ვითარება შეიქმნა კახეთში. ლეკთა თარეშისა და ურთიერთრბევის გამო, “ტყვეთა სყიდვა” მომაკვდინებელ სენად ექცა ისედაც გავერანებულ ქვეყანას.

კონსტანტინეს (მაჰმად ყული ხანს) შვილი არ ჰყავდა და კახეთის ტახტის მემკვიდრედ მისი უმცროსი ძმა თეიმურაზი ითვლებოდა (ვახტანგ VI–ის სიძე), რომელიც საქართველოში იყო და ქრისტიანობას ინარჩუნებდა. მაგრამ, ერთი მხრივ, ლეკთა, მეორე მხრივ კი ოსმალთა მოძალების ვითარებაში, მას კახეთში არ დაედგომებოდა და ოჯახით ფშავს შეაფარა თავი. მაგრამ დიდებულთა დაძალებით და მეუღლის, დიდი ვახტანგ VI–ის ქალიშვილის, თამარ დედოფლის რჩევით, კახეთში დაბრუნება გადაწყვიტა.

ქართლ–კახეთის ფაქტობრივი ხელისუფალი იმ დროს ახალციხის ისაყ ფაშა იყო, კახეთის გამგებლობა კი მის ვაჟს, იუსუბ ფაშას, ჰქონდა მინდობილი, მაგრამ რეალურ ძალაუფლებას იგი ვერ ახორციელებდა: ამიტომ 1732 წელს ისაყ ფაშამ თეიმურაზი თბილისში დაიბარა კახეთის გამგებლობა უბოძა.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*