ოცდაათწლიანი ომი მილიონებიანი მსხვერპლით

რას გვიამბობენ ლიუცენის ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცების იარები

1632 წლის ნოემბერში გერმანიის ქალაქ ლიუცენის მოსახლეობას მძიმე და სამწუხარო მისია ერგო: მათ ოცდაათწლიანი ომის ერთ–ერთ ყველაზე სისხლისმღვრელ ბრძოლაში დაღუპული 9 ათასამდე ჯარისკაცი უნდა დაეკრძალათ. საძმო სამარხს არქეოლოგებმა რამდენიმე წლი წინ მიაკვლიეს. მისი ერთი ნაწილი გათხარეს და სხეულის ნაშთები გამოიკვლიეს.

ევროპის ისტორიაში ოცდაათწლიანი ომი ერთ–ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი აღმოჩნდა. მოსახლეობის საერთო რიცხვიდან დაღუპულთა წილს თუ გავითვალისწინებთ, ეს ხანგრძლივი ომი შავი ჭირის ცნობილ ეპიდემიასა და თვით მეორე მსოფლიო ომზეც კი უფრო სისხლისმღვრელი აღმოჩნდა.

ომი, რომელიც 1618–დან 1648 წლამდე გრძელდებოდა, თავიდან წმინდა რომის იმპერიაში კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის კონფლიქტით დაიწყო. შემდეგ სასტიკმა ბრძოლებმა ევროპის ცენტრალურ ნაწილში გადაინაცვლა. განსაკუთრებით დაზარალდა გერმანული მიწები. თუ მეომარი კოალიციების სამხედრო დანაკარგი 300–დან 400 ათას ჯარისკაცამდე აღწევს, გერმანიის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობას 5–დან 8 მილიონამდე აფასებენ.

ომმა, შიმშილმა და გადამდები დაავადებების გავრცელებამ მოსახლეობა თითქმის გაანადგურა. კონფლიქტის ორივე მხარე ძირითადად დაქირავებულ მებრძოლებს ეყრდნობოდა. ასეთი მებრძოლების ინტერესს კი მხოლოდ ნადავლისა და ფულის შეგროვება წარმოადგენდა. საოკუპაციო ჯარები ატერორებდნენ და ძარცვავდნენ ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობას. მათი ლოიალობა იცვლებოდა მიხედვით, ვინც მეტს გადაიხდიდა.

ოცდაათწლიან ომში ერთ–ერთი გადამწყვეტი 1630 წელი იყო, როცა ბრძოლებში პროტესტანტების მხარეს შვედეთი ჩაერთო. შვედეთის მეფემ გუსტავ II ადოლფმა რამდენიმე ბრძოლაც მოიგო. თუმცა 1632 წლის 16 ნოემბერს, ლიუცენთან გამართულ ბრძოლაში იგი მოკლეს. ამ ბრძოლაში წმინდა რომის იმპერიის ჯარს გენერალი ალბრეხტ ფონ ვალენშტეინი მეთაურობდა.

მეცნიერებმა ლიუცენთან მომხდარი სამხედრო დაპირისპირების ადგილის შესწავლა 2006 წელს დაიწყეს. მათ ბრძოლის ველს ლითონის დეტექტორის მეშვეობით მიაგნეს, ლითონის სხვა ნივთებთან ერთად, ზარბაზნის 3 ათასამდე ყუმბარაც აღმოაჩინეს. ბრძოლის ადგილი რომ ცუდი ამინდისა და შავი არქეოლოგებისგან დაეცვათ, მეცნიერებს სამარხების გათხრა არ დაუწყიათ. მიწის 55–ტონიანი ბლოკი მთლიანად მოჭრეს და ლაბორატორიაში გადაიტანეს.

გერმანელმა ბიოარქეოლოგებმა ნიკოლ ნიკლიშის ხელმძღვანელობით 47 ჩონჩხი გამოიკვლიეს. ძირითადი ყურადღება ბრძოლის დროს მიღებულ ტრავმებს დაუთმეს.

როგორც გაირკვა, მებრძოლთა უმრავლესობა ლიუცენთან ბრძოლამდე მძიმედ იყო დაჭრილი. 16 მებრძოლს თავის ძველი ტრავმები აღმოაჩნდა. ერთ თავის ქალაზე ოთხ ბრძოლაში მიღებული ტრავმების კვალი ჩანდა. 21 ჯარისკაცის ნეშტს აშკარად ემჩნეოდა ხელ–ფეხისა და ნეკნების უკვე მოშუშებული ტრავმების კვალი.

ჯარისკაცთა ნეშტების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ძვლებზე ცივი იარაღის ნაჭდევების მიუხედავად, ლიუცენის ბრძოლისას მას ნაკლები დატვირთვა ჰქონდა. მებრძოლთა უმრავლესობის დაღუპვის მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები გახდა. 47 ჯარისკაციდან 21 თავში იყო დაჭრილი. მათგან 11 ტყვია თავის ქალაში ჩარჩა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, შვედეთის არმიის ელიტური ქვედანაყოფი – “ცისფერი ბრიგადა”, რომელიც ძირითადად დაქირავებული გერმანელი ჯარისკაცებით იყო დაკომპლექტებული, რომის საიმპერიო კავალერიის მოულოდნელი შეტევის შემდეგ თითქმის მთლიანად განადგურდა. სწორედ ამ ბრძოლაში დაღუპულები უნდა განისვენებდნენ ლიუცენის საძმო სამარხში, რომელიც სისხლისმღვრელი შეტაკების ადგილთან ახლოსაა.

დაღუპულთა ნაშთების შესწავლამ აჩვენა, რომ მებრძოლთა უმრავლესობა იმსხვერპლა დამბაჩიდან და კარაბინიდან ნასროლმა ტყვიამ. სწორედ ამგვარ იარაღს იყენებდნენ მაშინ კავალერისტები ახლო მანძილიდან სროლისას. როგორც ისტორიული წყაროები ყვებიან, იმ დროს იარაღის სწრაფად გადასატენად ჯარისკაცები ტყვიას ხშირად პირში იდებდნენ. მართლაც, 47 თავის ქალიდან ორს გამოუწვავი ტყვია პირის ადგილას აღმოუჩინეს.

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ლიუცენის საძმო სამარხში უმეტესად შვედეთის არმიის ჯარისკაცები არიან დაკრძალული. როგორც ჩანს, დაკრძალვის წინ მათ ნაწილს უნიფორმა გახადეს. ზოგი საფლავში ფრთხილად ჩააწვინეს, ზოგიც ზერელედ ჩააგდეს მას შემდეგ, რაც ბრძოლა დასრულდა და ბრძოლის ველზე დაღუპულების დაკრძალვა ქალაქის მოსახლეობას მოუწია.

მეცნიერთა თქმით, ამგვარი დამოკიდებულება გასაკვირი არ იყო, რადგან ლიუცენის მოსახლეობა ბრძოლის მონაწილე არც ერთი მხარის მიმართ არ იყო კეთილგანწყობილი. ოცდაათწლიანი ომის ყოველ ბრძოლას ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნგრევა და უბედურება მოჰქონდა.

2ded98ba3de2d72ade46710e23a05eaa

სამარხში 9000–მდე ჯარისკაცი იყო დაკრძალული

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*