პერანგი, რომელშიც ჩარლზ I სიკვდილით დასაჯეს, ლონდონის ნაციონალურ მუზეუმში გამოიფინება

დღემდე რარიტეტული სამოსი მუზეუმის დახურულ ზონაში ინახებოდა.

აბრეშუმის პერანგი, რომელიც ჩარლზ I-ს სიკვდილით დასჯის დროს ეცვა, ლონდონში საჯაროდ გამოიფინება. ითვლება, რომ მასზე დღემდე მონარქის სისხლის ლაქებია შემორჩენილი.

ჩარლზ I ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის მეფე იყო 1625-1649 წლებში. მისი მმართველობის დასასრული სამოქალაქო ომით აღინიშნება. მონარქი დამარცხდა და რამდენიმე წლიანი პატიმრობის შემდეგ იგი სიკვდილით დასაჯეს.

დასჯის დღეს, 30 იანვარს, მეფემ ორი პერანგი მოითხოვა, რომ სიცივისგან არ ეკანკალა – ჩარლზ I-ს არ სურდა, რომ მის მტრებს ეს შიშის გამოვლინებად არ ჩაეთვალათ.

ხელით ნაქსოვი მოლურჯო-მომწვანო პერანგი, რომელიც მეფეს ზემოდან ეცვა, დღეს ლონდონის მუზეუმში ინახება.

სიკვდილით დასჯის შემდეგ პერანგი მონარქის ექიმს გადაეცა: იგი კერძო საკუთრებაში 1925 წლამდე ინახებოდა. შემდეგ პერანგი ლონდონის ნაციონალურ მუზეუმს გადაეცა ნამდვილობის დამადასტურებელი წერილით.

პერანგზე არსებული ლაქები სასამართლო-სამედიცინო ლაბორატორიებში 1959 და 1989 წლებში შეისწავლეს. მაგრამ ვერ დადგინდა, ნამდვილად სისხლის ლაქებია თუ არა.

ქსოვილის მყიფე მდგომარეობის გამო, მისი განმეორებითი ექსპერტიზა შეუძლებელია. პერანგი თავისი ასაკის და ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მუზეუმის დახურულ ზონაში იყო დაცული.

პერანგი ერთ-ერთია ჩარლზ I-ის ნივთებიდან, რომლებიც მუზეუმს ეკუთვნის. აქ ასევე ინახება ხელთათმანები, სარტყელი, მოსასხამის ფრაგმენტი და ცხვირსახოცი. დაგეგმილ გამოფენაზე ეს ნივთებიც გამოიფინება.

სიკვდილით დასჯა ლონდონის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო საუკუნეების მანძილზე. დამნაშავეების და მოღალატეების მოკვეთილი თავები ლონდონის ხიდზე იყო გამოფენილი. ტიუდორების ეპოქაში მოქალაქეები რეგულარულად ესწრებოდნენ სისხლიან სანახაობებს და დასასჯელების მიმართ ზიზღს გამოხატავდნენ.

ლონდონის გამოფენა 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

3e01de402d644b46983adae7956a7a8b.width-630

ჩარლზ I-ის ხელთათმანები

16ff52b9bc6948248f48c27a953aab3d.width-630

ჩარლზ I, ანტონი ვან დეიკი (1635-1637 წწ.)

Leave a comment

Your email address will not be published.


*