პერუელ მეომარს, რომელსაც თავის ქალაზე ლითონის ფირფიტა აქვს, ოპერაცია 2000 წლის წინ ჩაუტარეს

ეს მსგავსი სამედიცინო პროცედურის ერთ-ერთი პირველი დადასტურებაა.

ოკლაჰომას ოსტეოლოგიის მუზეუმში უჩვეულო ექსპონატი გამოფინეს – პერუელი მამაკაცის თავის ქალა, რომელიც 2000 წლის წინ ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ის ბრძოლაში დაიჭრა, რის შედეგადაც თავის ქალა დაუზიანდა. დაზიანების აღდგენის მიზნით, ჭრილობის ადგილას, მას, ლითონის ფირფიტა ჩაუყენეს. მეცნიერების მტკიცებით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მამაკაცი ამ პროცედურის შემდეგ გადარჩა.

გამოფენილი ექსპონატი მხოლოდ ამით არ არის საინტერესო – ლითონის ფირფიტიან მამაკაცს წაგრძელებული თავის ქალა ჰქონდა. ბევრი სამხრეთ ამერიკული ტომის წევრები შეგნებულად უცვლიდნენ ბავშვებს თავის ქალის ფორმას – ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბავშვის თავის ქალას ორ ხის ფირფიტას შორის ათავსებდნენ და მჭიდროდ ახვევდნენ. შედეგად, თავის ქალა შებრტყელებულ, წაგრძელებულ კონუსისებურ ფორმას ღებულობდა.

ერთ-ერთი თანამედროვე ვერსიის თანახმად, თავის ქალის დეფორმაცია ადამიანების გარკვეული ჯგუფის ან მაღალი სოციალური სტატუსის აღნიშვნისთვის კეთდებოდა. როგორც ჩანს, ასეთი მოტივაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ინკას კულტურაში. თავის ქალის ასეთი ფორმა, მათ თვალში, ესთეტურად უფრო სასიამოვნო იყო.

პერუს რაიონი, სადაც არტეფაქტი აღმოაჩინეს, დიდი ხანია ცნობილია ქირურგებით, რომლებმაც მრავალი რთული პროცედურა გამოიგონეს: იმდროინდელი ქირურგები ცოცხალი ადამიანის თაის ქალას ხვრეტდნენ ანესთეზიისა და სტერილური მეთოდების გარეშე. მათ დიდი ხნის წინ გაიგეს, რომ მკურნალობას სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო. არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ტრეპანაცია რიტუალური მიზნებისთვის კი არ ტარდებოდა, არამედ ის უკავშირდებოდა თავის ქალის მძიმე ტრავმებიან პაციენტებს.

2017 წლის ერთ-ერთ კვლევაში პერუს სამხრეთის 11 უძველესი სამარხი შეისწავლეს. მეცნიერებმა თავის ქალის ტრეპანაცია 66 ადამიანს აღმოუჩინეს, მათ შორის, რამდენიმესერთზე მეტი პროცედურა ჩაუტარეს. საერთო ჯამში 109 პერფორაცია დაფიქსირდა.

ძირითადი მეთოდები წრიული ნახვრეტები და გადაფხეკის მეთოდი იყო. წარმატების შანსი 83%-ს შეადგენდა. ზოგიერთ თავის ქალაზე მცირე თანმდევი ინფიცირების კვალიც აღინიშნება. დროთა განმავლობაში გადარჩენის მაჩვენებელი უფრო იზრდებოდა, რაც ტრეპანაციის ტექნიკის დახვეწით აისახება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*