პინგვინების ურთიერთობა ადამიანების ენის ორ კანონს შეესაბამება

აფრიკული პინგვინების კომუნიკაცია ორ წესს ემორჩილება, რომლებიც ადამიანების მსოფლიო ენებს ახასიათებთ.

აფრიკულ პინგვინებს (Spheniscus demersus) რამდენიმე ალტერნატიული სახელი აქვთ: სათვალიანი, შავფეხა, ასევე მათ ვირისებრ პინგვინებსაც უწოდებენ – მათი ყვირილი იმ ხმებს ჰგავს, რომლებსაც ვირები გამოსცემენ. პინგვინების ვოკალიზაციის შესწავლისას, მეცნიერებმა რამდენიმე კანონზომიერება აღმოაჩინეს – მსგავსება აღმოჩნდა არა მარტო არა წყვილჩლიქოსნებთან, არამედ ადამიანებთანაც.

ყველა ენა, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს, რიგ წესებს ემორჩილება. მათ შორის – ციპფის სიმოკლის კანონი: რაც უფრო გავრცელებულია სიტყვა, მით უფრო მოკლეა ის. მეორე ძირითადი წესი, მსოფლიო ენების მიმართებაში, არის მენცერატ-ალტმანის კანონი: რაც უფრო გრძელია ენის ერთეული, მით მოკლეა მისი შემადგენელი (მარცვალი ან მორფემა). ამ პრინციპების საფუძველზე არა მარტო ადამიანების ენები განვითარდნენ: მათ ექვემდებარება შიმპანზეების ჟესტების ენაც – რაც გრძელია ჟესტების ერთობლიობა, მით მოკლეა ცალკეული მოძრაობები. ამავე პრინციპით აგებენ შიმპანზეები თავიანთ ბგერით კომუნიკაციასაც.

იტალიელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს პინგვინების ვოკალიზაციის შემოწმება ამ ორ კანონთან მიმართებაში. მათ 28 მოზრდილი მამრის 590 სიმღერა ჩაწერეს.

მიღებული ნიმუშებიდან 3 ტიპის მარცვალი, რომელიც ბგერის სიგრძით განსხვავდებიან: მოკლე ბგერა (A), გრძელი (B) და გარდამავალი. ამ უკანასკნელის მახასიათებელია სიხშირის ცვლილება, როცა ფრინველი ჰაერს ჩაისუნთქავს.

აღმოჩნდა, რომ (A) ტიპის მარცვლები ყველაზე ხშირად გვხვდება – ეს ციპფის კანონს ემთხვევა.

მენცერატ-ალტმანის კანონი კი იმ ფაქტს უჩვენებს, რომ პინგვინების უფრო გრძელი სიმღერები ყველაზე მოკლე მარცვლებს შეიცავს, მაშინ, როცა მოკლე “გამოთქმებში” B ტიპის ბგერები ჭარბობენ.

ამგვარად, აფრიკული პინგვინები, პრიმატებთან ერთად, ფაუნის პირველი წარმომადგენლები არიან, რომელთა კომუნიკაცია ადამიანების ბუნებრივი ენის კანონებს ემორჩილება.

შესაძლოა ვირების ბგერითი კანონზომიერებაც ასეთივეა, მაგრამ ჯერ ასეთი კვლევა არავის ჩაუტარებია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*