პირველად აღმოაჩინეს ურანიდან წამოსული რენტგენის სხივები

მათ წარმოშობაზე მეცნიერებს რამდენიმე ვერსია აქვთ.

ახალი აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ მზის სისტემის ყველა პლანეტას, ნეპტუნის გარდა, რენტგენული გამოსხივება გააჩნია. უფრო მეტიც, ამ აღმოჩენამ შესაძლოა, ახალი ახსნა მოუძებნოს უფრო შორეული ობიექტების ბუნებას, რომლებსაც რენტგენული გამოსხივება ახასიათებთ. ასეთებია: შავი ხვრელები, ზეახალი ვარსკვლავები, კვაზარები და ნეიტრონული ვარსკვლავები.

ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შემდგარ ურანს, რგოლების ორი კომპლექტი აქვს. ორივე პლანეტის ეკვატორის თავზე არსებულ ორბიტაზე მდებარეობს.

ურანი ერთგვარად უცნაური პლანეტაა – ის თავისი ღერძის გარშემო, საათის ისრის მიმართულებით, 98%-ით დახრილი კუთხით ბრუნავს. ასეთი დახრის კუთხე მზის სისტემის არცერთ სხვა პლანეტას არ აქვს.

კოსმოსური ხომალდი “ვოიაჯერ-2” 1986 წელს ურანს ცოტა ხნით მიუახლოვდა. ასტრონომები ტელესკოპების, “ჰაბლის” და “Chandra”-ს უახლეს მონაცემებს სწავლობენ.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასტრონომმა, უილიამ დანმა და კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოს, აფელეი ბიბისონოსთან ერთად, ურანის რენტგენული გამოსხივების დამადასტურებელი ფაქტები აღმოაჩინეს. მონაცემები “Chandra”-მ 2002 და 2017 წლებში შეაგროვა. ამას გარდა, მეცნიერებმა დედამიწის თანამგზავრებისა და დედამიწაზე არსებული ტელესკოპების მონაცემებიც გამოიყენეს. აღმოჩენილი რენტგენული სიგნალები ძალიან სუსტი აღმოჩნდა, მაგრამ მათი დაფიქსირება მაინც მოხერხდა.

პლანეტებს რენტგენული სხივების წარმოსაქმნელად სამი საშუალება გააჩნიათ: ფლუორესცენცია, მზის რენტგენული სხივების გაბნევა და ავრორალური გამოსხივება.

ურანი მზის სისტემის სხვა ობიექტების მსგავსად, მზიდან მიღებულ რენტგენის სხივებს ფანტავს. ასე იქცევიან კომეტები, მთვარე და ჯუჯა პლუტონიც კი. მაგრამ ეს არ არის რენტგენის სხივების ერთადერთი წყარო. ურანი იმაზე მეტ რენტგენის სხივებს ფანტავს, ეს, რომ მხოლოდ მზის გამოსხივების ხარჯზე ხდებოდეს.

ავტორებმა ამის ასახსნელად ორი სხვადასხვა თეორია წამოაყენეს. ერთერთის თანახმად, ურანის რგოლები ასხივებენ რენტგენის სხივებს სატურნის რგოლების მსგავსად. ეს პროცესი ცნობილია, როგორც ფლუორესცენცია. ამ დროს დამუხტული ნაწილაკები, ელექტრონები და პროტონები რგოლებს ეჯახებიან და მათ რენტგენის სხივებით ნათებას აიძულებენ. მეორე შესაძლებლობა იმაში მდგომარეობს, რომ რენტგენის სხივებს ურანის პოლარული ნათება წარმოშობს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ “Chandra”-ს შემდგომი დაკვირვებები ნათელს მოჰფენენ, თუ რა მოსდის ურანს. მომავალში კვლევებს უახლესი მოდიფიცირების ტელესკოპი, “Athena” შეუერთდება. მისი გაშვება 2031 წლისთვის არის დაგეგმილი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*