პირველი ასო–ნიშნები: უძველესი სიმბოლოების საიდუმლო ამოხსნილია

ევროპაში, უძველესი მღვიმეების კედლებზე არსებული გამოსახულებათა შესწავლის შემდეგ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დამწერლობის პირველი, პრიმიტიული სისტემა ადამიანებმა გაცილებით ადრე შექმნეს ვიდრე მესოპოტამიაში მიწათმოქმედთა ცივილიზაცია გამოჩნდებოდა. ანუ დამწერლობის შექმნის პერიოდი 40–30 ათასი წლით ძველია, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.

სპეციალისტთა აზრით, გამოქვაბულის ადამიანებს ევროპაში გამოჩენამდე ჰქონდათ დამწერლობის ჩანასახები და ნიშნების ეს სისტემა მათ ჯერ კიდევ აფრიკაში შექმნეს.

ახალი ჰიპოთეზის შესახებ მოთხრობილია წიგნში “პირველი ასო–ნიშნები”. ამის შესახებ National Geographic-ის ონლაინგამოცემა წერს.

კანადელმა პალეოანთროპოლოგმა ჟენევიევა ფონ პენტცინგერმა, რომელიც ვიქტორიას უნივერსიტეტის მკვლევარია, კოლეგებთან ერთად სხვადასხვა მღვიმესა და გამოქვაბულში არსებული გეომეტრიული ფიგურების ნიმუშების ბაზა შექმნა.

ჟენევიევა ფონ პენტცინგერმა კვლევა საფრანგეთში კლდის მხატვრობის შესწავლით დაიწყო. იგი იკვლევდა, როდის დაიწყეს ძველმა მხატვრებმა მცირე რაოდენობის ნიშნებიდან უფრო რთულ სამუშაოზე გადასვლა. მკვლევარი თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ გამყინვარების ეპოქის ადამიანებმა ჯერ ამ ტიპის რამდენიმე ფიგურა შექმნეს, შემდეგ კი მათი რიცხვი ნელ–ნელა გაიზარდა. თუმცა, გაირკვა, რომ ორინიაკის კულტურაში (40–28 ათასი წლის წინ) პალეოანთროპოლოგების მიერ აღმოჩენილი ნიშნების სამ მეოთხედს უკვე იყენებდნენ. ეს განვითარების “დასაწყისს” არ ჰგავდა.

მაშინ პეტცინგერმა ესპანეთიდან ურალამდე, ზემო პალეოლითის ხანის კლდის ნახატები გამოიკვლია. მან შეაგროვა მღვიმეებსა და ქვაბულებში გამოსახული ზემო პალეოლითის ხანის 367–მდე ნიშანი – ფაქტობრივად, ყველა გეომეტრიული ნიშანი, ფიგურა, რომელიც არა მხოლოდ კედლის მხატვრობებს ახლდა, არამედ სტატუებსა და მოსართავებზე, მაგალითად, ირმის კბილებისგან დამზადებულ ყელსაბამებზე იყო გამოსახული. ამას გარდა, ფოტოგრაფ მეუღლესთან ერთად 52 ნაკლებად შესწავლილ გამოქვაბულს ესტუმრა, რათა უფრო მეტი მონაცემი მიეღო.

როგორც გაირკვა, ზემო პალეოლითში 32 ნიშანი მთელ კონტინენტზე გამოიყენებოდა. გარდა ამისა, იყო ნიშნების დიდი მრავალფეროვნებაც.

პეტცინგერი ამბობს, რომ ასეთ ნიშნებს დამწერლობას ვერ ვუწოდებთ. ერთი მათგანი შეიძლება მდინარეს აღნიშნავდეს, მეორე – რიტუალის შესახსენებლად გამოდგეს, მაგრამ ისინი არც ფონეტიკური ნიშნებია და არც პიქტოგრაფიული. შესაბამისად, მათგან ტექსტის შედგენა არ გამოგვივა. ისინი უფრო პრიმიტიულ რუკებს წარმოადგენდნენ და მითებისა და ადათ–წესების შესახებ ინახავდნენ ინფორმაციას. თუმცა, წარმოადგენდნენ კომუნიკაციის საშუალებას, რომელიც ჰომო საპიენსმა ჯერ კიდევ ევროპაში გამოჩენამდე შექმნა და რომლის საფუძველზეც მოგვიანებით დამწერლობაც გაჩნდა.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*