პირველი უკმაყოფილო კლიენტი ძველი ბაბილონიდან

ძველ ბაბილონელებს იმდროინდელ მსოფლიოში ყველაზე განვითარებული კულტურა ჰქონდათ. იცნობდნენ სოფლის მეურნეობას, გეომეტრიას, აშენებდნენ მაღალ შენობებს. კვლევები აჩვენებს, რომ არც ერთი მათი დიდი ქალაქი არ აუგიათ სავაჭრო მაგისტრალებისა და მათი მნიშვნელობის გათვალისწინების გარეშე. ამას ადასტურებს მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი წერილიც, რომელიც შუმერულ ქალაქ–სახელმწიფო ურში (თანამედროვე ერაყის ტერიტორია) იპოვეს.

ეს წერsav-02ილი 3766 წლის წინ დაწერა ძველი ბაბილონის მკვიდრმა. თიხის ფირფიტა 11 სმ სიგრძის, 5 სმ სიგანის და 2,6 სმ სისქისაა და ძვ. წ. 1750 წლით თარიღდება.

ბაბილონის მოქალაქე ნანი საყვედურობს სპილენძის მადნის გამყიდველს, რომ მან დაგვიანებით გამოუგზავნა დაზიანებული და უხარისხო საქონელი. გულდაწყვეტილი და ნაწყენი კლიენტი ცუდი მომსახურებით უკმაყოფილოა.

წერილის შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, ვაჭარმა სახელად ეა–ნასირმა სპარსეთის ყურის მიდამოებში იმოგზაურა, რათა იქაური სპილენძი შუამდინარეთში გაეყიდა. ძველი ბაბილონელები ბრინჯაოს ოსტატები იყვნენ და სპილენძიც სჭირდებოდათ.

ეა–ნასირის საქონელში შედიოდა ნანისთვის განკუთვნილი სპილენძიც, რომელიც დაბალი ხარისხის აღმოჩნდა. ნანიმ არა მარტო უკმაყოფილება გამოთქვა წერილით, არამედ ფულის უკან დაბრუნებაც მოითხოვა: “მაინც ვინ გგონივარ? მე კურიერი გამოგიგზავნე, რათა ფული უკან წამოეღოთ, მაგრამ შენ დამემუქრე და ისინი უკან ხელცარიელი გამოაბრუნე რამდენჯერმე, ეს უკვე მტრობას ნიშნავს. ამიერიდან მე ლითონის ზოდებს ჩემივე მახლობელი ტერიტორიიდან ავარჩევ. ამიერიდან გამოვიყენებ ჩემს უფლებებს და უარს ვიტყვი შენს საქონელზე, რადგან ზიზღით მემუქრებოდი” – წერს ნანი.

ეს წერილი, ჩანს, მხოლოდ ერთია იმ ორმხრივი მიმოწერიდან, რომელიც უკმაყოფილო კლიენტსა და ვაჭარს შორის გაიმართა. თიხის ფირფიტა დღეს ბრიტანულ მუზეუმშია გამოფენილი.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*