პირველი ჰომო საპიენსი ევროპაში?!

საბერძნეთში აღმოჩენილი თავის ქალის ფრაგმენტის კვლევამ ევროპაში თანამედროვე ადამიანის პირველად გამოჩენის შესახებ ახალ ჰიპოთეზას დაუდო სათავე. საუბარია ორი თავის ქალიდან ერთ-ერთის ფრაგმენტზე, რომელიც საბერძნეთში, აპიდიმას მღვიმეში 1970-იან წლებში აღმოაჩინეს და მუზეუმში ინახებოდა. ერთი ქალა ნეანდერტალელს ეკუთვნის, ხოლო მეორე, რომელიც დაახლოებით 210 ათასი წლის წინ ცხოვრობდა, აშკარად ავლენს თანამედროვე ადამიანისთვის დამახასიათებელ ნიშნებს.

ლონდონის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმის პროფესორი, კვლევის თანაავტორი კრის სტრინგერი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საბერძნეთში 210 ათასი წლის წინ ადამიანის წინაპართა ჯგუფი ბინადრობდა. ისინი ნეანდერტალელებმა დაახლოებით 170 ათასი წლის წინ ჩაანაცვლეს.

“მოულოდნელობა იყო მტკიცებულებების აღმოჩენა, რომ ამ სახეობამ საბერძნეთს მიაღწია. სამწუხაროა, რომ თავის დროზე ამ აღმოჩენას სათანადო ყურადღება არ დაეთმო” – ამბობს ტიუბინგენის უნივერსიტეტიდან მიწვეული გერმანელი მკვლევარი კატერინა ჰარვაითი.

აშკარაა, რომ საბერძნეთში ნაპოვნ ჰომო საპიენსებს ცოცხალი შთამომავლობა არ ჰყავთ. აფრიკიდან ის გამოსვლა, რომლის შემდეგაც გონიერი ადამიანი მთელ ხმელეთზე გავრცელდა, დაახლოებით 100 ათასი წლით გვიან მოხდა. მანამდე კი აფრიკიდან ევროპაში რამდენჯერმე გადასულმა ადამიანის წინაპრებმა აქ ფეხი ვერ მოიკიდეს.

აღმოჩენას გასაოცარს უწოდებს ნიუ-იორკის ლემანის კოლეჯის მეცნიერ-თანამშრომელი ერიკ დელსონი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ამ ინდივიდების კვალი შესაძლოა კიდევ აღმოჩნდეს.

სამეცნიერო ჯგუფმა კვლევის შედეგი ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნა. სპეციალისტთა ნაწილი დასკვნებს, მათ შორის, აპიდიმას მღვიმეში აღმოჩენილი თავის ქალის ფრაგმენტის ასაკს, ეჭვქვეშ აყენებს. უორენ შარპი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, რომელიც გეოქრონოლოგიურ ცენტრში ნამარხების დათარიღების სპეციალისტია, ამბობს, რომ ასაკი 210 ათასი წელი მონაცემებით არცთუ მკაფიოდ დასტურდება. პასუხად კატერინა ჰარვაითი ამბობს, რომ თავის ქალის უკანა მხარე ძალიან კარგი მასალაა Homo sapiens-ის, ანუ გონიერი ადამიანის გასარჩევად ნეანდრტალელისა და სხვა მონათესავე ჯგუფებისგან. აპადიმას მღვიმეში აღმოჩენილი თავის ქალის ფრაგმენტი რომ ჰომო საპიენსს ეკუთვნის, რამდენიმე ხაზით დასტურდება. მკვლევარს ჯერ არ აქვს პასუხი კითხვაზე, შესაძლებელი იქნება თუ არა გენეტიკური მასალისა და პროტეინების აღდგენა.

თუკი კვლევის შედეგები საბოლოოდ დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს აფრიკიდან აფრიკის გარეთ აღმოჩენილ ყველაზე ძველ ჰომო საპიენსთან. ის, სულ მცირე, 16 ათასი წლით უფრო ძველია, ვიდრე ისრაელში აღმოჩენილი ჰომო საპიენსის ზედა ყბის ძვალი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*