პომპეიდან წაღებულ არტეფაქტებს აბრუნებენ

 

OLYMPUS DIGITAL CAMERA

პომპეის ნანგრევების აღდგენას რესტავრატორები სრულიად მოულოდნელი წყაროებიდან შეძლებენ. ტურისტები და დამთვარიელებლები, ვინც წლების წინ ქალაქმეზეუმიდან სხვადასხვა არტეფაქტი მოიპარეს, მათ აბრუნებენ და ბოდიშსაც იხდიან.

პროცესი შარშან, ოქტომბერში დაიწყო, როდესაც კანადელმა ქალბატონმა, არაერთი ქვეყნის მონახულების სემდეგ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაასრულა და გადაწყვიტა, 50 წლის წინ, თაფლობის თვის დროს იტალიაში სტუმრობისას, პომპეიდან მოპარული ფრაგმენტები ქალაქ–მუზეუმისთვის დაებრუნებინა.

სამუზეუმო კომპლექსის დირექტორი, მასიმო ოსანა ამბობს, რომ ტურისტები მოპარულ არტეფაქტებს ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად აბრუნებენ. მათ შორის კედლების, ფრესკების, მოზაიკისა და ნანგრევების ფრაგმენტებსაც.

მასიმო ოსანა: “ჩვენ ასობით ამანათს ვიღებთ. ხალხი ბოდიშს იხდის, აღიარებენ და ნანობენ, რომ საშინელი შეცდომა დაუშვეს და პირობას დებენ, არტეფაქტებს აღარასოდეს მოვიპარავთო”.

სამუზეუმო კომპლექსის დირექტორი ფიქრობს, რომ არტეფაქტების დაბრუნების პროცესი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუნდაც იმიტომ, რომ ერთ–ერთი მოგზაურისგან ბოლო ხანს დაბრუნებული ფრესკის ფრაგმენტების საშუალებით შესაძლებელი გახდა კარის მებაღის სახლის აღდგენა. არტეფაქტი მან 1980 წელს მოიპარა და მხოლოდ შარშან, მარტში დაუბრუნა ქალაქ–მუზეუმს.

პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლი თანამედროვე ნეაპოლთან ახლოს, ნეაპოლის ყურეში მდებარეობს. ანტიკურ პომპეიში სულ 20 ათასი კაცი ცხოვრობდა. პატარა, მაგრამ მდიდარი და მშვენიერი ჰავით გამორჩეული ქალაქისთვის საბედისწერო დღე ახ. წ. აღ. 79 წლის 24 აგვისტოს დადგა. დღის პირველ საათზე პომპეიში გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა. წამოვიდა ფერფლის ნიაღვარი და პემზის ნამტვრევები, რომელტაც მზე და ცა დაფარეს. დაბნელდა, ქალაქს სქლად დაეფინა ფერფლი და ქვები. ზოგიერთი ქვა 6 კილოგრამს იწონიდა. მამაკაცები, ქალები და ბავშვები თავზარდაცემული დარბოდნენ სქელი კვამლით დაფარულ ვიწრო ქუჩებში, სადაც სუნთქვა შეუძლებელი გამხდარიყო. ზოგიერთი მცდარმა ილუზიამ შეიპყრო, რომ ფერფლისა და ქვის წვიმა მალე შეწყდებოდა. მათ ახლომდებარე სახლების სარდაფებს შეაფარეს თავი. ასე დაიღუპა 2 ათასი პომპეელი, ანუ ქალაქის მოსახლეობის მეათედი.

ვულკანური წვიმა ორ დღეს გაგრძელდა. პომპეი ფერფლისა და ქვის 15–მეტრიანმა ფენამ 15 საუკუნით დაფარა… შუა საუკუნეებში პომპეი აღარავის ახსოვდა.

უკვე XVI საუკუნეში კი ცნობილი გახდა, რომ ცივიტას ბორცვის ქვეშ იმალებარომელიღაცა ქალაქის ნანგრევები. 1594 წელს იტალიელ ინჟინერს, დომენიკო ფონტანას დაავალეს მიწისქვეშა აკვედუკის აგება. მუშაობისას უცნობ ნანგრევებს წააწყდნენ. როგორც შემდეგ დადგინდა, ეს პომპეი იყო, რომლის კვლევა იტალიელმა ჯუზეპე ფიორელიმ განაგრძო.

ფიორელიმ მთელი ტერიტორია კვადრატებად დაანაწილა (ამ მეთოდს დღესაც იყენებენ), თითოეული აღმოჩენილი სახლის კარი დანომრა, ხოლო ფერფლსა და ლავაში გაჩენილი სიცარიელე თხევადი თაბაშირით ამოავსო. ამით შესაძლებელი გახდა კატასტროფის შედეგად დაღუპული და გაქვავებული ადამიანებისა და ცხოველების ანაბეჭდების აღება.

პომპეიში წელიწადში სამ მილიონამდე ტურისტი ჩამოდის, რაც ძეგლის შენარჩუნებაზე უარყოფითად აისახება. მასიმო ოსანას ცნობით, ანტიკური ქალაქიდან არტეფაქტები დიდი რაოდენობით 1999–2003 წლებშიც გაიტანეს, როცა პომპეის არქიტექტურული ძეგლები სათანადოდ ჯერ კიდევ არ იყო დაცული. თავისუფლად შეიძლებოდა მის ტერიტორიაზე შეღწევა და მოზაიკის, ფრესკის, კედლის ნაწილის ან კრამიტის შეუმჩნევლად წაღება.

2013 წელს, მას შემდეგ, რაც უძველეს ქალაქში რამდენიმე კედელი ჩამოინგრა, იუნესკომ ქალაქ–მუზეუმი საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანა. 13 ობიექტი კი მაღალი რისკის ჯგუფში მოხვდა.

წყარო: ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*