პომპეისთან ახლოს უნიკალური ანტიკური ეტლი აღმოაჩინეს

ის შესანიშნავად შემოინახა.

პომპეიში არქეოლოგებმა, თითქმის ხელუხლებელი, ოთხთვლიანი ცერემონიალური ეტლი აღმოაჩინეს. მეცნიერები იტყობინებიან, რომ ეტლი შესანიშნავ მდგომარეობაშია და რესტავრაციის გარეშეც ჩანს, როგორი მორთული და მოხდენილი იყო ის. მასზე გარკვევით ჩანს რკინის დეტალები, ბრინჯაოს და კალის მოსართავები. ადრე, ამ ადგილას, არქეოლოგებმა სამი ცხენის ნეშტი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ეტლში იყო შებმული.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. ასეთი ცერემონიალური ეტლი (Pilentum) არ გამოიყენებოდა ყოველდღიურ მოხმარებაში და სოფლის მეურნეობაში. ეს იყო საზეიმოდ მორთული ოთხთვალა, რომელსაც დღესასწაულების, აღლუმების და პროცესების დროს იყენებდნენ.

იტალიის ტერიტორიაზე მსგავსი სატრანსპორტო საშუალება აქამდე აღმოცენილი არ ყოფილა. მსგავსი ეტლი 15 წლის წინ აღმოაჩინეს ძველ თრაკიაში, საბერძნეთის ჩრდილოეთით. მაგრამ, მასზეც არ ყოფილა ისეთი მდიდრული მოსართავები, როგორიც პომპეიში აღმოჩენილ ეტლზეა.

გათხრების ადგილი ჩივიტა ჯულიანას სახელითაა ცნობილი. ეს არის ქალაქგარეთ მდებარე ვილა, პომპეიდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში. არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ ეს არის უნიკალური აღმოჩენა, რომელსაც იტალიაში ანალოგი არ მოეპოვება.

ძველი რომაული ქალაქი პომპეი 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დამარხული აღმოჩნდა. ის პირველად 1592 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ გათხრები მხოლოდ 1748 წელს დაიწყო. ახლა პომპეი ღია ცის ქვეშ მუზეუმია. გათხრები აქ მუდმივად მიმდინარეობს.

პომპეი იტალიაში ტურისტების მიერ მონახულებით მესამე ობიექტია. 2019 წელს ის 3,9 მილიონმა ადამიანმა მოინახულა. ძველი ქალაქი პანდემიის შედეგად დაიკეტა. ის 2021 წლის 18 იანვარს კვლავ გაიხსნა.

724a5326140d4691baf114390a81de28.max-2000x1000

017396d3b15f445dba4939603f568bcc.max-2000x1000

d7fdaf877dff4a34ad961b746d7a090f.max-2000x1000

Leave a comment

Your email address will not be published.


*