პომპეიში ძველი რომის დროინდელი მოხატული დუქანი აღმოაჩინეს

აშკარად, ეს თერმოპოლი ძველი ქალაქის მოქალაქეებისთვის პოპულარული ადგილი იყო.

სასადილოს დახვეწილი დახლი, მორთული პოლიქრომული ნახატებით ვეზუვის ამოფრქვევისას ფერფლით იყო დამარხული. ის ნაწილობრივ, ჯერ კიდევ გასულ წელს გაასუფთავეს. ახლა არქეოლოგებმა სამუშაოები განაახლეს და მისი მშვენიერება სრულად გამოჩნდა.

თერმოპოლი – ბერძნული “თერმოს” (ცხელი) და “პოლეო” (გაყიდვა) – ქალაქის ხმაურიან გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქვე მდებარეობს “ვერცხლის ქორწილის სახლი” და “აივნების ხეივანი”. ის რომაული ეპოქის ფასთ-ფუდის სასადილოს ექვივალენტი იყო.

თიხის ქოთნებში აღმოჩენილი იქნა იხვის ძვლების ფრაგმენტები, ასევე ძველრომაული საკვების ნარჩენები: ღორის, თხის ხორცი, თევზი, ლოკოკინები. ზოგიერთი ინგრედიენტი რომაული ეპოქის პაელიას მსგავსად იყო მომზადებული. ერთ-ერთ ჭურჭელში დაქუცმაცებული ცერცვის მარცვლები იყო შემორჩენილი. მას რომაელები ღვინის გემოს შესაცვლელად იყენებდნენ.

როგორც ჩანს, დახლი სიჩქარეში დახურეს და პატრონებმა იგი ამოფრქვევის პირველივე ნიშნებისას დატოვეს. მაგრამ ორმა ადამიანმა სასადილოს დატოვება ვერ მოასწრო – მათი ნეშტები იქვე იპოვეს.

სამუშაოს ბოლო ეტაპზე არქეოლოგებმა რამდენიმე ნატურმორტი აღმოაჩინეს. მათზე ის ცხოველებია გამოსახული, რომლებიც, სავარაუდოდ, მენიუში შედიოდნენ. აღდგენილი იქნა იხვების და მამლის გამოსახულებები. მათ პომპეელები ღვინოსთან ან ცხელ სასმელებთან ერთად მიირთმევდნენ.

ასევე, აღმოჩენილი იქნა ფრესკა ნიმფას გამოსახულებით – ნერეედა, რომელიც ზღვის ცხენზეა ამხედრებული. აქვეა გლადიატორების ბრძოლის სცენებიც.

თერმოპოლოები რომაულ სამყაროში ძალიან პოპულარულები იყვნენ. მხოლოდ პომპეიში მათი რიცხვი 80-მდე აღწევს.

პომპეი 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი მდუღარე ლავის და ფერფლის ქვეშ დაიმარხა. შედეგად, 2000-დან 15 000-მდე ადამიანი დაიღუპა.

e93b0a6295a6462e84e64346f9fc1626.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*