რამზეს დიდის გიგანტური ქანდაკება

კაიროს ღარიბთა უბანში ფარაონ რამზეს II–ის ქანდაკება იპოვეს, რომელიც ძველ ეგვიპტეს დაახლოებით 3 ათასი წლის წინ მართავდა. კვარციტის 4–ტონიანი და 8 მეტრის სიმაღლის ქანდაკება ელ–მატარიას რაიონში ეგვიპტურ–გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს. ექსპედიციის ხელმძღვანელ აიმან აშმავის განცხადებით, რაიონში, სადაც ქანდაკება იპოვეს, ოდესღაც ძველეგვიპტური ტაძარი მდებარეობდა. სპეციალისტები სწორედ ამ ძველი ტაძრის ტერიტორიას სწავლობენ.

დიდი მოცულობის ქანდაკება ღრმად იყო ჩაფლული თიხოვან სველ ნიადაგში. ამიტომ ზედაპირზე მისი ნაწილის ამოსაწევად მეცნიერებს ტექნიკის გამოყენება მოუხდათ. როცა მიწიდან ამოწეული თავის ზედაპირი გაწმინდეს, გამოჩნდა, რომ ქანდაკება საკმაოდ დაზიანებულია. შემორჩენილია ბიუსტი, თავი, მარჯვენა ყური, თვალის ფრაგმენტი და ფარაონის გვირგვინი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ძეგლის ჯერჯერობით ისევ მიწაში დაფლული ნაწილიც დიდ ფრაგმენტებად იქნება დაშლილი.

ეგვიპტურ სიძველეთა მუზეუმის თანამშრომლების განცხადებით, ამ ადგილას წარსულში XIX დინასტიის ფარაონის რამზეს II–ის ტაძარი მდებარეობდა, ხოლო მისი ქვები მოსახლეობამ საცხოვრებლების ასაშენებლად გამოიყენა.

ეგვიპტის ხელისუფლებამ ამ აღმოჩენას მსოფლიო ისტორიისთვის “ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი” უწოდა.

რამზეს II–ს – იმავე რამზეს დიდს, ხშირად მოიხსენიებენ როგორც ეგვიპტის უდიდეს ფარაონს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*