რას მოგვითხრობს უძველესი კოდექსი

მეზოამერიკის ცივილიზაციების მკვლევარებმა ე. წ. სელდენის კოდექსის ქვეშ უფრო ძველი შრე იპოვეს. ეს ხელნაწერი მისტეკების შექმნილია, ძველი მეზოამერიკული ხალხისა. ამ ტერმინით აღნიშნავენ ისტორიულ–კულტურულ რეგიონს დაახლოებით მექსიკის ცენტრიდან ჰონდურასამდე და ნიკარაგუამდე. მისტეკებმა შექმნეს მაღალგანვითარებული კოლუმბამდელი კულტურა სამხრეთ მექსიკაში, რომელიც განსაკუთრებით აყვავდა VII საუკუნეში. XV საუკუნეში მისტეკები აცტეკებმა დაიპყრეს.

მისტეკების ტერიტორიიდან, რაც დღევანდელი მექსიკის ოაქსაკას შტატია, მხოლოდ ხუთი კოდექსია შემორჩენილი. ისინი კი იმ ოც წიგნში შედის, რომლებიც მეზოამერიკის ინდიელებმა შექმნეს და ესპანელ კონკისტადორებს სასწაულებრივად გადაურჩა.

სელდენის კოდექსის 5 მეტრის სიგრძის გვერდები ირმის ტყავისგან არის დამზადებული და დაფარულია ცარცისა და თაბაშირის ფენით. აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ხელნაწერის ასაკი დაახლოებით 500 წელიწადი იყო და მისი შექმნის დრო ერნანდო კორტესის მექსიკაში გამოჩენის პერიოდს ემთხვეოდა. თუმცა ირკვევა, რომ კოდექსი პალიმფსესტია და თანაც გაცილებით ძველი. 20–გვერდიანი დოკუმენტი ამჟამად ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის თომას ბოდლის სახელობის ბიბლიოთეკაში ინახება (ე. წ. ბოდლეიანური ბიბლიოთეკა). მეცნიერები ადრეც ვარაუდობდნენ, რომ სელდენის კოდექსი პალიმფსესტი უნდა ყოფილიყო. ამიტომ მისი გვერდიც კი გაჩხაპნეს შესამოწმებლად. მაშინ არტეფაქტი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ბოლო წლებში, სპეციალისტები დოკუმენტის შესასწავლად სხვადასხვა ტექნიკას იყენებდნენ. ხელნაწერის კვლევას ართულებდა მისი შექმნისას გამოყენებული ორგანული საღებავები, რომლებიც ხელს უშლის მსგავსი ნამუშევრებისთვის გამოყენებულ მეთოდებს. ბოლოს ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს გამოსახულებათა აღსადგენად ისეთი გზისთვის მიეგნოთ, რომ ხელნაწერი არ დაზიანებულიყო (ჰიპერსპექტრული გამოსახულებებით). ამ მეთოდს ადრე ნაკლებად მნიშვნელოვან წიგნებზე იყენებდნენ. ამ კვლევის დაწყებისას ნათელი გახდა, რომ მანუსკრიპტი კოლუმბამდელ ეპოქას ეკუთვნოდა.

ზოგიერთ გვერდზე გამოჩნდა ფეხზე მდგომი ან დამსხდარი ადამიანების ოცზე მეტი გამოსახულება, რომლებიც ერთ მხარეს იყურებიან. მსგავსი სცენები მისტეკების სხვა კოდექსებშიც არის, სადაც გამოსახულია მეფე თავის საბჭოთი. მაგრამ სელდენის კოდექსის დაფარულ ნაწილში გამოსახული არიან როგორც მამაკაცები, ისე ქალები. ეს კი მეცნიერებს აბნევს, ამდენად, ჯერჯერობით არ არის ცხადი, რას გამოხატავენ ეს სცენები. საინტერესოა, რომ სელდენის კოდექსში აღმოჩენილი ადრე დაფარული ტექსტი არც სტილით და არც კონტექსტით არ შეესაბამება არც თვით სელდენის აქამდე ცნობილ ტექსტს და არც სხვა მისტეკურ კოდექსებს. უნიკალურია აქ მოყვანილი გენეალოგიაც.

ოაქსაკაში ნაპოვნი კოდექსები სურათების, სიმბოლოებისა და კაშკაშა ფერების სისტემას წარმოადგენენ, რომლებიც დინასტიებსა და მათ გენეალოგიაზე მოგვითხრობენ. ასევე, შეიცავენ ცნობებს უძველესი ქალაქების ომებსა და ისტორიებზე.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*